გიორგი მურუსიძის ადვოკატი სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს
12 მილიონის დაუფლების საქმეზე ბრალდებული "სფერო ჰოლდინგის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს ეტაპობრივად დააკმაყოფილოს თითოეული დაზარალებულის ინტერესი.
უფლებადამცველის ცნობით, ის სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აპირებს თავის არიდებას იმ ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომელიც მას აქვს მოქალაქეთა წინაშე, შესაბამისად ის ეტაპობრივად დააკმაყოფილებს, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თითოეული დაზარალებულის ინტერესს.
ხვალ ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია, ბუნებრივია, შუამდგომლობა გირაოს გამოყენების მხრივ იქნება, ვინაიდან ბრალდებულების თავისუფლებაზე ყოფნა, ვგულისხმობ დასაცავ პირს და ასევე სხვა პირებს, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, ხელს შეუწყობს დაჩქარდეს და დროულად, თითოეულმა დაზარალებულმა მიიღოს ის თანხები, რომლებიც მათ ჩადეს," - თქვა გაგი ჩოხელმა.
ცნობისთვის, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი დღეს დააკავეს. ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდა.
- კომპანიის იურისტის, სოფო პეტრიაშვილის ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე ამ დროისთვის იტალიაში იმყოფება.
ამასთან, გივი წულეისკირის ადვოკატის, ნონა ფილაურის განმარტებით, ის სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა ორი კვირის წინ მოამზადა.
დაკავებული გივი წულეისკირი ამტკიცებდა, რომ ფული არ მიუთვისებია და თანხა, რომელიც ხალხისთვის აქვს დასაბრუნებელი, სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესში ჩადო.
- მოქალაქეებს, ვისაც ბინის გირაობა სურდათ სფერო ინვესტი "გირის ალტერნატივას" სთავაზობდა, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის სფერო ჰოლდინგი ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი მათ ბიზნესებში ახდენდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფეროს ჰოლდინგის მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არა ერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. ნაქირავები ბინებიდან ხალხის გამოაძევეს.