"აუცილებლად დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი" - ზაზა ბიბილაშვილი

08.12.25 22:52
"აუცილებლად დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი" - ზაზა ბიბილაშვილი

"აუცილებლად დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი," - ამის შესახებ ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა და ქიმიური ნივთიერების სკანდალზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მსგავს დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, "ოცნება" ვერ შეძლებს ერთი დანაშაული მეორეთი გადაფაროს და შესაბამისად არა მხოლოდ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც აქტიური ფორმით იყო გარეული, არამედ მათიც ვინც დანაშაული დაფარა. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ მივა [საქმე საერთაშორისო გამოძიებამდე]. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი გამოძიება დაწყებულია. თუ არ დაწყებულა, დაიწყება აუცილებლად. ვინაიდან, ეს არ არის ფაქტი, რომელსაც აქვს ხანდაზმულობის ვადა, ან შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობით გადაიფაროს - აი წავა ოდესღაც "ოცნება" და ჯანდაბას რახან წავიდნენ აღარ ვერჩით, ეს ვერ მოხდება. ეს არის ფაქტი, რომელიც გამოძიებული იქნება და აუცილებლად დადგება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამაში იყო გარეული, არა მხოლოდ აქტიური ფორმით, არამედ დანაშაულის დაფარვის ფორმითაც. შესაბამისად, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც რეჟიმს შეუძლია თავისი ერთი დანაშაული მეორეთი გადაფაროს," - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.

მსგავსი სიახლეები