სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს – გაბისონია

09.12.25 13:56
სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს – გაბისონია

ივანიშვილის ხელისუფლების განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, აცხადებს, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რამდენი სტუდენტი ჩაირიცხვება თითოეულ პროგრამაზე, მთავრობა თავად განსაზღვრავს, და ეს გადაწყვეტილება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე იქნება დაეყრდნობილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ასევე გეგმავს წინასწარ განსაზღვროს რომელი მიმართულებები ჩაითვლება პრიორიტეტულად, ანუ რომელი სფეროები იქნება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და მასზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები.

ამ ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობას ენიჭება დელეგირება განსაზღვროს ორი მთავარი პარამეტრი, პირველი: სტუდენტების კვოტირების საკითხი.
სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ამით დადგინდება მთავრობის მიერ კვოტირების საკითხი, იმ რაოდენობების საკითხი, რომელიც პროგრამებში უნდა იყოს.
მეორე მოდელი გულისხმობს მთავრობის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრას. საქართველოს მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი, - განაცხადა გაბისონიამ. 

გაბისონიას თქმით, ცვლილებების მიზანი არის სტუდენტთა ნაკადების მორგება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ პრიორიტეტებზე.

მსგავსი სიახლეები