"გული მაწუხებს, ექიმი ვერ გამომიძახებია" - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული მოსამართლეს
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერტმა პირმა, ლევან ჯიქიამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ გულის პრობლემები აქვს, თუმცა, ექიმის გამოძახების საშუალებას არ აძლევენ.
მან მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს სთხოვა, რომ ამ საკითხში ჩართულიყო.
ინფარქტის წინარე მდგომარეობა მაქვს, გული მაწუხებს, ექიმი ვერ გამომიძახებია, როგორც მოსამართლე რომ ჩაერიოთ," - მიმართა ლევან ჯიქიამ მოსამართლეს.
პასუხად მოსამართლემ სინდისის პატიმარს განუცხადა, რომ ეს ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციას უნდა მოსთხოვონ.
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არაერთი ბრალდებულია მოთავსებული, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს არის ვალდებულება. ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს [ექიმი], ეს უნდა მოითხოვოთ. ამის თაობაზე თუ რამე დაბრკოლებას აწყდებით, ასევე ცალკე სამართლებრივი მოთხოვნის და განხილვის საგანი შეიძლება გახდეს," - თქვა რომეო ტყეშელაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა. მათ შორის: ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭანიძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანაძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მამულაძის.
- მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.