ახალი სამთავრობო კვარტალი "ოცნების" ელიტური კორუფციის ტრენდის გაგრძელებაა - მელაშვილი
"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, ახალი სამთავრობო კვარტალის მშენებლობის დააანონსება "ოცნების" ელიტური კორუფციის ტრენდის გაგრძელებაა.
მელაშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების ქალაქის ცენტრიდან გადატანას იმიტომ ცდილობს, რომ ადამიანებმა "ვეღარ მიაგნონ".
ჩაუშესკუმ როდესაც ააშენა პარლამენტის ახალი შენობა, ჯერ კიდევ აშენებამდე შეეწირა ამ შენობას - ამბობს მელაშვილი.
"ოცნების" პირობებში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ელიტალური კორუფციის მაგალითები. როგორც ჩანს ახალი სამთავრობო კვარტალი არის ამ ტრენდის გაგრძელება. არანაირი გამართლება არ აქვს ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ამ შენობების გადატანას, განსაკუთრებით პარლამენტის შემთხვევაში საქართველო ალბათ იქნება პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც ექნება არა ორი პარლამენტის შენობა, არამედ სამი და აქედან მეორე პარლამენტის შენობა დღემდე სრულიად გამოუსადეგარია და თავზე გვენგრევა.
ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს, რომ მისი ძალაუფლების სამყოფელი იყოს აბსოლუტურად დაცული. "ოცნება" ცდილობს, რომ ქალაქის ცენტრიდან გაიტანოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, იმისთვის, რომ ადამიანებმა ვეღარ მიაგნონ ამ ობიექტებს და თითქოსდა, ავტორიტარიზმი უფრო დაცული იყოს. თუმცა, რასაც ისტორიული მაგალითები გვასწავლის, ასეთი ციტადელების მშენებლობები, როგროც წესი კარგად არ მთავრდება თავად ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ჩაუშესკუმ როდესაც ააშენა პარლამენტის ახალი შენობა, ჯერ კიდევ აშენებამდე შეეწირა ამ შენობას", - ამბობს მელაშვილი.
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს - დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს".