გზა რუსეთისთვის აფხაზეთის გავლით - რას ამბობენ "ოცნებაში"
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გალში მიმდინარე რუსულ–აფხაზური ინფრასტრუქტურული პროექტი რეალური საფრთხისგან შორს არის და არც სანქციების გვერდის ავლის ბერკეტად აღიქმება.
გია ვოლსკის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მხოლოდ ლოკალური მასშტაბის სავაჭრო სივრცეა, რომელიც ვერ შეძლებს ვერც რუსული ინტერესების სისტემურ მომსახურებას და ვერც დე ფაქტო რეჟიმისთვის სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობის შეძენას.
რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცილებით უფრო მძიმე სურათია, ვიდრე შეიძლება, იმ სავაჭრო ტერმინალს რასაც ეძახით, რაღაცა სავაჭრო სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც, რასაკვირველია, ვერანაირად ვერ იქნება ვერც სანქციების გვერდის ავლისათვის სასარგებლო და ვერც დიდ შემოსავალს მისცემს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. ტერიტორია არის ოკუპირებული. იქ რაღაც სავაჭრო ცენტრს აშენებენ, რომელიც, ნაცმოძრაობის ინფორმაციით, შეიძლება, გამოდგეს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად. ამხელა სისულელე მე არ გამიგია. სამწუხაროდ, არ არსებობს თანამშრომლობის არანაირი ფორმატი, ვინაიდან ტერიტორიას, რომელსაც თქვენს მიერ შემოყვანილი საოკუპაციო ძალა განაგებს, არ შეიძლება, დამოუკიდებელი მხარე ეწოდოს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო აფხაზეთი ცდილობს, რაღაცა გააკეთოს, რასაკვირველია, ეს ჩენთან თანამშრომლოას გამორიცხავს, - ამბობს ვოლსკი.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ლადო ბოჟაძე ირწმუნება, რომ საქართველოს კონტროლის მიღმა ნებისმიერი ტვირთის გადაადგილება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას ნიშნავს და ასეთ პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ შეიძლება ჰქონდეს.
ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეთანხმება და საქართველოს აღიარებული საზღვრების დარღვევით ნებისმიერი ტვირთის გატარება, მიღება და ა.შ., არის უკანონო და არ შეესაბამება საერთაშრისო ნორმებს და სტანდარტებს. შესაბამისად, ის, რაც უკანონოა, არის დასაგმობი და მიუღებელი, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
გალის რაიონში აფხაზურ-რუსული სატრანზიტო ჰაბის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ასტამურ ახსალბას თქმით, ობიექტი თითქმის მზად არის და დარჩენილია მხოლოდ სკანერებისა და რენტგენის სისტემების მონტაჟი. მისი განცხადებით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ტარდებოდა „რთული გეოპოლიტიკური ვითარების“ გამო.
ჰაბის იდეა 2010–2011 წლებში გაფორმებულ რუსეთ–აფხაზეთის საბაჟო შეთანხმებას უკავშირდება, თუმცა 2012–14 წლებში მისი რეალიზება „საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა გარემომ“ შეაფერხა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროექტი რუსეთისთვის „სტრატეგიულად აუცილებელი“ გახდა, ხოლო გალის ტერმინალი რუსისა და აფხაზ ბიზნესმენების კერძო ინვესტიციით შენდება.
ახსალბას განცხადებით, მოსკოვი უკვე განიხილავს მარშრუტის გამოყენებას ირანთან, ინდოეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ტვირთების ნაწილი გალიდან ოჩამჩირის სარკინიგზო ტერმინალში გადავა და იქიდან რუსეთის მიმართულებით გაიგზავნება.
მანვე აღნიშნა, რომ მესამე ქვეყნების საქონელი აფხაზურ ბაზარზე არ მოხვდება, ხოლო დერეფანი აფხაზურ პროდუქციას ექსპორტის შესაძლებლობას გაუზრდის.