ვინ იპარავდა თაღლითური ლატარიით ემიგრანტების ფულს? - სკანდალური ამბის ხმაურიანი გაგრძელება

14.12.25 17:13
ვინ იპარავდა თაღლითური ლატარიით ემიგრანტების ფულს? - სკანდალური ამბის ხმაურიანი გაგრძელება

ვინ იდგა ემიგრანტების ფულის მოპარვის უკან - თაღლითური ლატარიის საქმის ირგვლივ სკანდალი ახალ ფაზაში შედის. ემიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ გაძარცვეს და ამ საქმის ორგანიზებაში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილის შვილისბადრი აბაშიძის  მონაწილეობას ასახელებენ.

მათი თქმით, მამაკაცი ადამიანების ნდობაში შედიოდა ხელისუფლების ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით, ახლა კი თავისუფლებაზეა, მაშინ როცა ათასობით ემიგრანტი თვეებია მის დაკავებას ითხოვს.

დაზარალებულები გამოძიების უმოქმედობაზე საუბრობენ და ეჭვობენ, რომ საქმის ფიგურანტი შესაძლოა მამის გავლენებით სარგებლობს და სწორედ ამიტომ არ ხდება სამართლებრივი რეაგირება.

ამდენი სარჩელია შესული, ამდენი თანხებია და ეს ხალხი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული, ჯერ კიდევ არ შეუჩერდათ საქმიანობა, ეს ადამიანები ჯერ კიდევ გვემუქრებიან. ჩვენც მოვიძიეთ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია და ვიცით, მამამისი სადაც მუშაობს და ყოველთვის გვქონდა ეჭვი ამაზე, სავარაუდოდ, მართლა ვიღაცა მფარველობს ამ ადამიანს, - ამბობს ემიგრანტი. 

ჩვენი დაკითხვები, ეს მთელი საბუთიანობა, არის სუფთა სისულელე, ტყუილი. მაგათ ჰყავთ მაფრველები, რომლებიც არასდროს დაგვიბრუნებენ იმ თანხას, რაც ჩავდეთ. დროის გაწელვა, ჩვენი დაკითხვა, ამ საბუთების მოგროვება, ეს არის ტყუილი, ფარსი... მფარველობენ მაგას ძალიან ძლიერი ხალხი, რომელიც არ აძლევს გასაქანს იმ გამომძიებელს, რომ გააგრძელოს საქმე, - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული.   

"პირველები" ბადრი აბაშიძეს დაუკავშირდა იმის გარასკვევად, ვინ ლობირებს მას და იყენებს თუ არა ის მამის გავლენებს რეალურად, თუმცა როგორც კი მან გაიგო, რომ "ტვ პირველიდან" ვურეკავდით, ტელეფონი გათიშა. 

ათობით ქართველი ემიგრანტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით მოქმედი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. მათი თქმით, კაცმა, რომელიც ნდობას „ქართული ოცნების“ ლიდერებთან (ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე, ყაველაშვილი) გადაღებული ფოტოებით იმყარებდა, დიდი თანხები მიითვისა. დაზარალებულები იტალიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან უკვე დაახლოებით ერთი წელია ითხოვენ თანხების დაბრუნებას და პასუხისმგებელი პირის დასჯას.

ემიგრანტების განცხადებით, სქემის ორგანიზატორი ბადრი აბაშიძე იყო: ის სოციალურ ქსელებში ე.წ. „ლატარიის“/პირამიდის პრინციპით აგროვებდა თანხებს (შენატანები 25-დან 5000 დოლარამდე), დახურულ ჯგუფში კი წევრებს ახალი მონაწილეების მოყვანას ავალდებულებდნენ. მათივე თქმით, გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა აბაშიძე მხოლოდ გამოკითხულია, ხოლო დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ ის მათ იარაღითაც ემუქრება.

მსგავსი სიახლეები