დავა ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო - „საქართველოს განათლების ჯგუფის" ადვოკატი ბრალდებებს პასუხობს
ბრიტანულ -ქართული აკადემიის პარტნიორებს შორის დაპირისპირება და სამართლებრივი დავა გრძელდება.
საქართველოს განათლების ჯგუფის იურისტი, დავით აბრამიძე ბრიტანულ- ქართული აკადემიის დამფუძნებლის, ნათია ჯანაშიას მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას tvpirveli.ge-თან პასუხობს.
- გასულ კვირას, ნათია ჯანაშიამ სს „საქართველოს კაპიტალსა“ და მის ხელმძღვანელთან, ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და "ირაკლი გილაური თაღლითობასა და ცრუ დასმენაში დაადანაშაულა".
ინვესტორი კომპანიის ადვოკატი, დავით აბრამიძე აცხადებს, რომ ბრალდებები, რომელიც მოდავე მხარისგან ისმის, სკოლის და მოსწავლეების ინტერესს აზიანებს.
აბრამიძის განცხადებით, „საქართველოს კაპიტალმა" თავის დროზე, ნათია ჯანაშიას წილის სანაცვლოდ 30 000 000 ლარი გადაუხადეს. ამასთან, იურისტის თქმით, ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის წილს დღესაც ფლობს.
მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა, აბსოლუტურად თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. გადახდილია 30 000 000 ლარზე მეტი და შეძენილია წილი. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის ხალხი, რომლებმაც პრესკონფერენცია გამართეს, ანუ ნათია ჯანაშია დღემდე წილშია დარჩენილი, იმ წილში, რომლის გასხვისებაც არ მოინდომა. ის დღემდე ოპერირებს, როგორც მეწილე. ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა, აქ არავის იძულებას ადგილი არ ჰქონია.
ყველამ თავისუფალი ნების საფუძველზე [მიიღო გადაწყვეტილება]. აღნიშნულის დოკუმენტაცია აქვს გამოძიებასაც და გამოძიება ჩვენი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს და არა მათი.
გასხვისებულია [წილი] და მასში გადახდილია 30 მილიონზე მეტი. ის თანხა იქნა გადახდილი, რაც მათ მიერ იქნა მოთხოვნილი. სად არის აქ თაღლითობა?! ამ დავას სხვა არაფერი დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ნათია ჯანაშიამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სკოლის დისჯკრედიტაცია გააკეთონ"- განაცხადა ადვოკატმა აბრამიძემ.
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ს შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი ფლობს.