მკვლელობა ატმების ბაღში - დაკავებულია 2 პირი

26.03.21 11:00
მკვლელობა ატმების ბაღში - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ჩუმლაყში, ატმების ბაღში მომხდარ მკვლელობაში 2 პირი მონაწილეობდა და ორივე მათგანი დაკავებულია. 

გომელაურის უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულები 56 და 41 წლის კაცები არიან. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები