საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ
ევროსაბჭოს შემდეგ დამნაშავეების დასჯას საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ერთი წლის წინ ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასამართლოს ამ დრომდე ელოდებიან.
უმრავლესობის შემთხვევაში გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა, ვისზეც დაიწყო მათი საქმეებიც ჯერ ისევ თაროზეა შემოდებული.
- ცნობისთვის, ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს იმ პირების დასჯას, რომლებმაც ერთი წლის წინ თბილისში საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა განახორციელეს.
- სტრასბურგიდან შესაბამისი წერილები პირდაპირ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა.
აქციების დროს დაშავებული ლაზარე მაღლაკელიძის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ მის საქმეს გამოიძიებენ, რადგან "პარადოქსულია, რომ დამნაშავე სისტემამ საკუთარი თავი გამოიძიოს".
ამ მომენტისათვის რეალურად ამ საქმეზე არანაირი პროგრესი არ არსებობს, არც დამნაშავე, არავინ არ გამოკვეთილა. ჩემი ვარაუდით, არც არაფერი არ გამოიკვეთება იმიტომ, რომ ეს, ჩემი პერსპექტივიდან, ძალიან ცხადად სისტემური დანაშაული იყო. ძალიან პარადოქსულია, რომ დამნაშავე სისტემამ საკუთარი თავი გამოიძიოს, რომელმაც დასაწყისშივე ისე ააწყო ეს სისტემა და დანაშაული, რომ მისი გამოძიება არ მომხდარიყო.
ვიყავი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში, სადაც მოხდა ჩემი ჩვენების ჩაწერა, ამის შემდეგ აღიძრა საქმე, თუმცა შემდეგ ამ საქმეზე არანაირი პროგრესი აღარ ყოფილა საერთოდ," - ამბობს ლაზარე მაღლაკელიძე.