ბრიტანეთი “ოცნებისგან“ შესაძლო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გამოძიების შედეგებს ითხოვს - რას ამბობენ ოპოზიციაში
ბრიტანეთი შესაძლო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ გამოძიების შედეგებს ითხოვს - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და ვარაუდობენ, რომ შემდეგი უკვე კონკრეტული პირების დანსაქცირების მოთხოვნა იქნება.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, გრიგოლ გეგელია დარწმუნებულია, რომ “ამას მოჰყვება ბევრი სხვა ნაბიჯი და “ქართული ოცნების“ უარის შემთხვევაში, ეს გამოიწვევს დამატებით სასანქციო ზომებს“.
მათი ის მოთხოვნა, რაც ბრიტანეთმა გააჟღერა, არის იმ მინიმუმის გაკეთება, რაც არის პირველ ფაზაში - გამოძიების შედეგების მოთხოვნა, და იმის გაჟღერება, რომ ყველა ის პირი, ვინც პოტენციურად საკუთარი ერის წინააღმდეგ იყენებდა ქიმიურ ნივთიერებებს, უნდა იქნას დასჯილი. ეს არის ის პირველი მინიმალური ნაბიჯი, რაც შესაძლოა გადაედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს აუცილებელი ფორმალური პირველი მოთხოვნის კუთხით, თუმცა, ეს არ არის ბოლო და ეს არ არის ბოლო და საბოლოო ნაბიჯი, ამას მოჰყვება ბევრი სხვა ნაბიჯი, და დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების“ უარის შემთხვევაში, ეს გამოიწვევს დამატებით სასანქციო ზომებს, რადგან ბრიტანეთს გააჩნია ფაქიზი და სენსიტიური დამოკიდებულება მსგავსი ტიპის დანაშაულების და რეჟიმების მისამსართით, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი კი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მსგავს განცხადებებს მტკიცებულებების გარეშე არ გააკეთებდა.
თუ ბრიტანეთს არ აქვს ის მტკიცებულებები, რომლებიც დანაშაულის მტკიცებულებებია და “ქართული ოცნების“ ძალადობრივმა რეჟიმმა ჩაიდინა და დაწამლა ეს ხალხი, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ობიექტური გამოძიება წარმოუდგენელია “ქართული ოცნების“ ხელში, მაგრამ უნდა ესმოდეთ მათ, რომ მსგავსი დანაშაულებები არ იფარება. გრძელდება ადამიანების დაკავება, გამხოატვის თავისუფლების შეზღუდვა, კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ ნიშანდობლივია ბრიტანეთის განცხადება იმ კონტექსტში, რომ ისინი ჰაერზე, ინფორმაციის გარეშე, მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ბრიტანეთი “ქართული ოცნებისგან“ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შესაძლო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ გამოძიების შედეგებს ითხოვს.