რას შეცვლის სახალხო დამცველის კრიტიკული დასკვნა სინდისის პატიმრების საქმეებში?
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს, მსჯავრდებულების უფლებადამცველები ეხმიანებიან.
ადვოკატების თქმით, უმჯობესი იქნებოდა ომბუდსმენს აღნიშნულ საკითხზე რეაგირება უფრო ადრე ჰქონოდა, თუმცა არც ახლაა გვიან.
ვეფხია კასრაძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის თქმით, სახალხო დამცველს ამ დროის განმავლობაში არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია, რომ შეხვედროდა ადვოკატებს და იმ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე ესაუბრა, რომელიც სასამართლოში წარადგინა ბრალდების მხარემ.
ჩვენთვის უცნობია რა დოკუმენტზე არის საუბარი და რა პროცედურულ დარღვევებზე არის საუბარი. პროკურატურა ამბობდა, რომ ის დაამტკიცებდა მყარი მტკიცებულებებით, სატელეფონო საუბრებით და კომუნიკაციით, რომლითაც დადასტურდებოდა ამ ადამიანების, 8 პირის შემხებლობა და კომუნიკაცია, რომელიც ამ დრომდე ვერ ვიხილეთ.
სახალხო დამცველს ამ დროის განმავლობაში არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია, რომ შეხვედროდა ადვოკატებს და სინდისის პატიმრების ადვოკატებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ბატონ ლევან იოსელიანს და არც სურვილი გამოთქვამს, რომ ჩვენ შევხვედროდით და გვესაუბრა იმ მნიშნელოვან დარღვევებზე, რომელი დარღვევებითაც იქნა მტკიცებულებები მოპოვებული და იმ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე გვესაუბრა, რომელიც იქნა წარდგენილი სასამართლოში," - თქვა არჩილ ჭავჭანიძემ.
ვასილ კაძელაშვილის უფლებადამცველი, რევაზ აჭარაძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის პოზიცია დაცვის მხარეს შეუძლია არგუმენტების გასამყარებლად გამოიყენოს.
ბრალი რაც იყო, ჯგუფური ძალადობა ვერ დამტკიცდა სასამართლოში, თუმცა სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ სრულად გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა გადააკვალიფიცირა - ჯგუფურ მოქმედება, 226-ე მუხლზე. რა თქმა უნდა, როგორც ვთვლიდით, ახლაც ვთვლით რო უნდა იქნეს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. რა თქმა უნდა სახალხო დამცველის პოზიცია სასამართლო მეგობრის არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ სასამართლომ უნდა გაიზიაროს აღნიშნული, თუმცა იმ პრაქტიკიდან გამომდინარე რაც არსებობს საქართველოში, როდესაც სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს დასაბუთებული პოზიციით, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია სასამართლოსთვის და ფაქტობრივად იმ არგუმენტებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა იმის გასამყარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ უშუალოდ დასკვნის მხარემ," - ამბობს რევაზ აჭარაძე.
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, თუ ომბუდსმენის აპარატი სათანადო რეაგირებას მოახდენს, შესაძლებელია ამ ყველაფერმა სასამართლოსთვის მეტად დამაჯერებლობა შესძინოს საქმეს და გავლენა მოახდინოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაზე.
ამ საკითხებზე რეაგირება ბევრად უფრო ადრე შედეგიანი შეიძლებდა ყოფილიყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არც ახლა არ იქნება დაგვიანებული და ურიგო, თუ ამ საკითხებზე რეაგირება მოხდება, მით უმეტეს სახალხო დამცველის აპარატისგან. მთელი საგამოძიებო პერიოდი დარღვევების ურიცხვი ჩამონათვალი იყო და შესაბამისად, ჩვენ ამასთან დაკავშირებით საჯაროდ ვსაუბრობდით, თუმცა თუ ახლა უფრო მეტი რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს და თუ ომბუდსმენის აპარატი სათანადო რეაგირებას მოახდენს, ვფიქრობთ, რომ იმ ფარგლებში როდესაც სააპელაციო სასამართლოში განიხილება აღნიშნული საქმე და ხვალ არის პროცესი ჩანიშნული, შესაბამისად ვფიქრობთ რომ შესაძლებელია ამ ყველაფერმა სასამართლოსთვის მეტად დამაჯერებლობა შესძინოს საქმეს და ყველაფერმა გავლენა მოახდინოს იმ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს," - თქვა დავით ჭიკაიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის სასამართლოს სინდისის პატიმრების: ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძისა და ზვიად ცეცხლაძის საქმეებზე მეგობრის მოსაზრებით მიმართავს და საქმეში არსებულ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებს.
ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად ცნო და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- მათი საქმე კიდევ 5 პირთან ერთად სააპელაციო სასამართლოში განიხილება.