"სფერო ინვესტის" საქმე - დაკავებულია ძებნილი გიორგი მურუსიძე

15.01.26 13:19
"სფერო ინვესტის" საქმე - დაკავებულია ძებნილი გიორგი მურუსიძე

"სფერო ინვესტის" დირექტორი დაკავებულია - გიორგი მურუსიძეს, რომელსაც ძებნილის სტატუსი ჰქონდა, ხელბორკილები იტალიაში, საქართველოს საელჩოში დაადეს.

 "პირველებმა" გაარკვია, რომ კაცი, რომელსაც ხალხის ფულის მოპარვას ედავებიან, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა და საელჩოში დოკუმენტების ასაღებად მივიდა რა დროსაც ის სამართალდამცველებმა აიყვანეს. 

ფაქტი "პირველებს" როგორც ადვოკატმა ნონა ფილაურმა, ასევე საქმის პროკურორმა, ნინო კეპულაძემ დაუდასტურა. 

გისდასტურებთ, რომ დაკავებულია და ექსტრადაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. იტალიაში არის დაკავებული.

დროს, [როდის მოხდება ექსტრადირება] ვერ მოგახსენებთ, გრძელდება გამოძიება და ნებისმიერი პირის გამოკვეთისა და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება"- აცხადებს პროკურორი. 

"პირველები" პატიმრობაში მყოფი „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელის გივი წულეისკირის ადვოკატს ესაუბრა. გიორგი მურუსიძის დაკავების ფაქტი ნონა ფილაურმაც დაადასტურა. 

გიორგი მურუსიძეზე გამოცხადებული იყო საერთასორისო ძებნა. მას იტალიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოუთხოვია, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულა. დამატებითი დოკუმენტაცია სთხოვეს ალბათ, ბატონი გიორგი მისულა საელჩოში, სადაც საელჩოვივე დააკავეს" - თქვა ადვოკატმა ნონა ფილაურმა. 

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასჯელს იხდის „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი.

წულეისკირის დაკავებისთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა" მოამზადა. დაკავებული გივი წულეისკირი მაშინ ამტკიცებდა, რომ ფული არ მიუთვისებია და თანხა, რომელიც ხალხისთვის აქვს დასაბრუნებელი, სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესში ჩადო. 

  • დაზარალებულების თქმით, მათ "სფერო ინვესტი" "გირის ალტერნატივას" სთავაზობდა, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის სფერო ჰოლდინგი ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი მათ ბიზნესებში ახდენდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფეროს ჰოლდინგის მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არა ერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. ნაქირავები ბინებიდან ხალხი გამოაძევეს.