ადვოკატი ამბობს, რომ ძმებ მიქაძეებს ბრალდება "ციდან დაეცათ"

16.01.26 15:42
ადვოკატი ამბობს, რომ ძმებ მიქაძეებს ბრალდება "ციდან დაეცათ"

 

 

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ძმებ - დავით და გიორგი მიქაძეებს ბრალი "ციდან დაეცათ". 

როგორც უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის, რომ მიქაძეები ჯოხაძეს და ფარცხალაძეს იცნობენ, არ ნიშნავს, რომ  ბრალდებულებს შემხებლობა აქვთ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან. 

სასამართლო იხილავდა როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დართვის დასაშვებობის საკითხს. არც ეს მტკიცებულებები, ისე როგორც სხვა მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ეს ჩვენებები მიუთითებს, რომ უბრალოდ ფარცხალაძე იცნობდა მიქაძეებს, მიქაძეები იცნობდნენ ჯოხაძეს. მას არანაირი შეხება არ ჰქონია არც მოცემულ პირებთან, არც მოცემულ საქმესთან, არც მის ორგანიზებასთან. არც ინტერესი ჰქონია და არც მოტივი და როცა ასე არაფრიდან, ციდან ეცემა ადამიანს ასეთი კატეგორიის ბრალდება, ასეთი ადამაინის დამოკიდებულება ძალიან მძიმე არის ასეთ საკითხთან მიმართებაში", - ამბობს ადვოკატი. 

პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეს იმ რუსი ბიზნესმენების ჩვენება დაერთოს, რომლებმაც ხელი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს დაადეს.

მამხილებელ ჩვენებებში, რომლის დართვასაც პროკურატურა საქმეზე ითხოვს, ილია მიკულსკი და როზა ნარცისოვა ყვებიან, რომ ოთარ ფარცხალაძის მთავარი დასაყრდენი საქართველოში სწორედ ძმები მიქაძეები იყვნენ.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ჩვენებები "არაავთენტურია". 

დღევანდელ სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულა გიორგი მიქაძემ: - "საქმის განხილვის დროს დარწმუნდებით, რომ არაფერ შუაში ვარ" 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები