"ჯანგველაძემ მითხრა, რომ ოთარ რომანოვისგან სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს ელოდებოდა" - მოპოვებულია რუსი ბიზნესმენის ჩვენება

06.01.26 13:21
"ჯანგველაძემ მითხრა, რომ ოთარ რომანოვისგან სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს ელოდებოდა" - მოპოვებულია რუსი ბიზნესმენის ჩვენება

ვინ არიან ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმის ოქროს მოწმეები - "პირველებმა" იმ რუსი ბიზნესმენის ჩვენება მოიპოვა, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ საქმეში დევს.

ილია მიკულსკი, რომელიც ჯანგველაძის გარემოცვის უახლოესი წევრია საგამოძიებო უწყებამ საქართველოში ლევან ჯანგველაძის მკველობიდან 9 თვის შემდეგ გამოკითხა. მასთან ერთად 26 დეკემბერს პროკურატურას ჩვენება მისცა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა, როზა ნარცისოვამ.

მიკულსკი ჩვენებაში ყვება რომ, "კანონირი ქურდის" ძმას და ოთარ ფარცხალაძეს  შორის კონფლიქტი მოსკოვში ერთი წლის წინ დაიწყო.  მიზეზი სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვები გახდა.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში,  ლევან ჯანგველაძეს შევხდი, მან მითხრა, რომ ოთარ რომანოვისგან სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს ელოდებოდა - ამბობს ჩვენებაში რუსი ბიზნესმენი. 

მიკულსკი ასევე ასახელებს მიქაძეებსაც და ამბობს, რომ ჯანგველაძის ნაამბობით საქართველოში ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირები, სწორედ ძმები დავით და გიორგი მიქაძეები იყვნენ. 

ლევან ჯანგველაძესთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, როგორც ქართველ მოსახლეობაში, ასევე რუსებშიც და სხვა ეროვნების ადამიანებთანაც. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, ლევან ჯაგველაძის მკვლელობის შემდეგ მე გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი საქართველოში და ყველა ინფორმაცია, რასაც ვფლობდი მის ირგვლივ, მომეწოდებინა გამოძიებისთვის.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში, რესტორან “სევერიანეში” შევხვდი ლევან ჯანგველაძეს და ფულის სესხება ვთხოვე. ლევანმა მომცა ფული. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და მითხრა, რომ ჰქონდა პრობლემები ერთ-ერთ პირთან, რომელიც იყო საქართველოდან. მან მითხრა, რომ აღნიშნული პიროვნება მართალია იყო საქართველოდან, მაგრამ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ჰქონდა გავლენები დაიყო ყველაფერზე წამსვლელი. მისგან ელოდებოდა აშკარა სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს. მან ასევე მითხრა ამ პიროვნების სახელი - ოთარი. მითხრა ქართული გვარიც, თუმცა არ დამამახსოვრდა, მაგრამ დამამახსოვრდა მისი რუსული გვარი - რომანოვი, რადგან ეს არის ძალიან ცნობილი გვარი რუსეთში.

ლევანის მკვლელობის შემდეგ, როდესაც გაჟღერდა ამ ადამიანის სახელი, მაშინ დავიმახსოვრე მისი ქართული გვარი - ფარცხალაძე. მან მითხრა, რომ სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვების თემებთან დაკავშირებით ჰქონდა დაპირისპირება რადგან ამ ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა და კარგი ნაცნობებიდან მტრებად იქცნენ. ერთადერთი, რაც მითხრა, [არის ის, რომ] საქართველოში ოთარ რომანოვს ჰყავდა მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ასრულებდნენ მის დავალებებს, გვარად მიქაძეები", - ამბობს მიკულსკი. 

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსაშვილი ამბობს, რომ რუსი ბიზნესმენების ჩვენებები მხოლოდ ირიბი მტკიცებულებია და ამის საფუძველზე ყოფილი გენპროკურორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება სამართლის სტანდარტის დარღვევაა.

აღნიშნული პირებიც საუბრობენ, რომ მათთვის ცნობილია ინფორმაცია აწ გარდაცვლილი ადამიანის მხრიდან რაღაც გარკვეული სახის კონფლიქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ირიბი, რომლის გადამოწმება ფიზიკურად შეუძლებელია და ჩვენ დღეს, 4 თვის თავზე პროკურორის მხრიდან იმ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებიდან, რომელიც მან თავის დროზე გააკეთა და საზოგადოება და თქვენ დაგმოძღვრათ, რომ არ შეიძლება ირიბი ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რატომღაც ეს პოზიცია შეცვალა და 4 თვის თავზე, ისევ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა პასუხისგებაში მიცემა. ამიტომ ვიძახით, რომ ეს ბრალი არ არის სისხლის სამართლის სტანდარტის მქონე ბრალი", - ამბობს გაგი მოსაშვილი. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
  • ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.