მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დედამ გამოძიებას ჩვენება არ მისცა

24.01.26 16:59
მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დედამ გამოძიებას ჩვენება არ მისცა

მოკლული მასწავლებლის საქმეზე გამოკითხების სერია გრძელდება - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაკავებული არასრულწლოვანის, ა.ნ.-ს დედამ საგამოძიებო უწყებას ჩვენება არ მისცა - ქალი დუმილის უფლებას იყენებს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველს" არასრულწლოვანის ადვოკატმა დაუდასტურა.

ა.ნ.-ს ოჯახის წევრი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, მას კანონი აძლევს ამის უფლებას, რომ მისი ნათესავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება. შესაბამისად, როგორც ჩემთცვსი ცნობილია, მან აღნიშნული უფლება გამოიყენა" - აცხადებს ადვოკატი. 

საგამოძიებო სამსახურში დაპატიმრებული გოგონას მშობლები რამდენიმე საათის წინ დაიბარეს, თუმცა მანამდე გაჩხრიკეს მათი სახლიც და ამოიღეს ელექტრონული ტექნიკა.

გუშინ საღამოს არასრულწლოვან ა.ნ.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ასევე ჩატარდა ა.ნ.-ს დედის პირადი ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ამას ვესწრებოდით ჩვენ, როგორც ოჯახის ადვოკატები. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი წყაროები.

 ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ა.ნ.-ს პოზიცია ბრალთან დაკავშირებით არის მტკიცე და ურყევი. პასუხი არის ერთადერთი - ის თავს ცნობს სრულიად უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში და იგი ფიქრობს, რომ წარდგენილი ბრალი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ვერანაირი მტკიციებულება ვერ იქნება მოპოვებული ობიექტურ პირობებში,რომელიც მიუთითებს ა.ნ.-ს რაიმე ბრალეულობას  ", - აცხადებს უფლებადამცველი. 

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

მსგავსი სიახლეები