SJC: "ოცნება“ პრაქტიკულად ანადგურებს პოლიტიკურ თავისუფლებებს"
"ოცნება“ პრაქტიკულად ანადგურებს პოლიტიკურ თავისუფლებებს" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი გრანტების შესახებ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზს აკეთებს.
SJC-ის თანახმად, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ოფიციალური დასაბუთებისა და რიტორიკის ანალიზი არაორაზროვნად მიუთითებს ქვეყანაში პოლიტიკური გამოხატვის ტოტალური კონტროლის სურვილსა და ტრაექტორიაზე, რაც საგანგაშოა დემოკრატიული და ადამიანის უფლებათა სტანდარტების გადმოსახედიდან და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისა და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის უმძიმეს ფორმებს იღებს.
ვრცლად ანალიზი ნახეთ აქ:
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებებით სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ხდება გაერთიანების თავისუფლებით დაცული ქმედებები, თუ ისინი ნებადართული არ არის მთავრობის მიერ. ეს სრულად აბრუნებს ადამიანის უფლებების ლოგიკას, რომელიც სახელმწიფოს ნებისგან დამოუკიდებელ სიკეთეს გულისხმობს. ეს ცვლილებები ამყარებს არა უფლებებზე დაფუძნებულ (rights-based), არამედ ნებართვებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს (permission-based), სადაც პოლიტიკური გამოხატვა აღარ არის მოქალაქის წინასწარ არსებული უფლება, არამედ სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალურად გაცემული და ნებისმიერ დროს ჩამორთმევადი პრივილეგია.
ზემოთ განხილული საკანონმდებლო ცვლილებების ყველაზე სავალალო შედეგი არა მისი ცალკეული ნაწილები, არამედ მისი სისტემური, კუმულაციური ეფექტია - ქვეყანაში იმგვარი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, სადაც ინდივიდის პოლიტიკური გამოხატვა და თავისუფლება პირობითი ხდება. ეს არ არის დემოკრატიული ჩარჩო, არამედ წესრიგი, რომელიც პოლიტიკას და პოლიტიკურ გამოხატვას მისი ყველაზე ფართო გაგებით სრულად სახელმწიფოს კონტროლირებადს ხდის. შესაბამისად, ამგვარი სამართლებრივი წესრიგი ვერ იქნება თავსებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, რადგან ის სრულად ანადგურებს იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ პირობებს, რომელიც სახელმწიფოში დემოკრატიული საზოგადოების არსებობის წინაპირობებს ქმნის.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების საბოლოო მიზანია არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა, არამედ მოქალაქის სრული დეპოლიტაცია და მისთვის პოლიტიკური თავისუფლებებისა და პოლიტიკური სუბიექტობის პრაქტიკული ჩამორთმევაა. ამავდროულად, მისი ფუნქციაა შიშის ნორმალიზაცია და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქე განუჭვრეტადი და ფართო შეზღუდვებისა და მაღალი სასჯელების გამო, თავად ზღუდავს საკუთარ აზრს, კავშირს, პროფესიულ არჩევანსა და სიტყვას.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ნათლად ასახავს მმართველობის იმ მოდელს, რომელსაც ავტორიტარული ლეგალიზმი შეიძლება ეწოდოს. რეჟიმს, სადაც სამართალი აღარ ასრულებს ძალაუფლების შემზღუდავი ნორმატიული ჩარჩოს ფუნქციას, არამედ თავად იქცევა პოლიტიკური კონტროლის მთავარ ინსტრუმენტად. ასეთ პირობებში რეპრესია არ ხორციელდება სამართლის გარეთ ან მის წინააღმდეგ; პირიქით, იგი ფორმალურად კანონიერ სახეს იღებს და სწორედ ამ ფორმალური კანონიერებით ნორმალიზდება. კანონი აქ აღარ არეგულირებს კონკრეტულ ქმედებებს მკაფიო და წინასწარ განჭვრეტადი წესებით, არამედ აწესებს ბუნდოვან, ფართოდ ინტერპრეტირებად კატეგორიებს, რომელთა შინაარსი პოსტ ფაქტუმ განისაზღვრება აღმასრულებელი და მიტაცებული სასამართლო ხელისუფლების მიერ. შედეგად, სამართალი აღარ წარმოადგენს მოქალაქისთვის დაცვას სახელმწიფოსგან, არამედ ხდება მუდმივი იურიდიული საფრთხე, რომელიც წინასწარ ზღუდავს პოლიტიკურ გამოხატვას, აყალიბებს თვითცენზურას და ამყარებს ძალაუფლებას მიკროსკოპული კონტროლითა და ზედამხედველობით.
ამ პარადიგმის ცვლილებას თან ახლავს უფლებების ეროზია, რომელიც ხდება არა ერთჯერადი აკრძალვებით, არამედ ეტაპობრივად და სტრუქტურულად. ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის, გაერთიანების, პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლება აღარ აღიქმება როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი და წინასწარ არსებული სიკეთეები; ისინი გადაიქცევა პირობით შესაძლებლობებად, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია სახელმწიფოს თანხმობაზე, ლოიალობის შეფასებაზე და ადმინისტრაციულ ნებაზე.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა წარმოადგენს არა პოლიტიკის სფეროს სუბსიდიარულ დანამატს, არამედ კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს. სამოქალაქო ორგანიზაციები და არაფორმალური გაერთიანებები არსებობენ სწორედ როგორც სახელმწიფო ძალაუფლებისგან დამოუკიდებელი სივრცეები, სადაც მოქალაქეები თავისუფლად აყალიბებენ ინტერესებს, აკრიტიკებენ საჯარო პოლიტიკას, აკონტროლებენ ხელისუფლებას და ქმნიან კოლექტიურ პოლიტიკურ სუბიექტობას ინსტიტუციური პოლიტიკის მიღმა. ამ ავტონომიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არც უფლება და არც კომპეტენცია განსაზღვროს, რა შინაარსის საქმიანობაა „ლეგიტიმური“ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ასეთი შეფასება თავისთავად ძალაუფლების კონცენტრაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის ნგრევას იწვევს.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს, რადგან ისინი შლიან ზღვარს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და უკანონოდ აქცევენ ავტონომიურ სივრცეებს სახელმწიფო კონტროლის ობიექტად. უცხოურ დაფინანსებასთან, პოლიტიკურ მიზნებთან და „გავლენის მოხდენის შესაძლებლობასთან“ დაკავშირებული ბუნდოვანი კატეგორიების მეშვეობით სახელმწიფო საკუთარ თავს ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაზღვროს არა მხოლოდ ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი, არამედ მათი პოლიტიკური ლეგიტიმურობაც. ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოება კარგავს ავტონომიურ სუბიექტობას და გარდაიქმნება სახელმწიფოს მიერ ნებადართულ, რეგულირებულ და დასჯად აქტორად. ასეთ პირობებში სამოქალაქო ორგანიზაციები ვეღარ ასრულებენ ძალაუფლების კრიტიკული კონტროლის ფუნქციას. ეს ტრანსფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებას ართმევს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სივრცედ არსებობის შესაძლებლობას და მას სახელმწიფო მმართველობის დამხმარე, ან დისციპლინირებულ ობიექტად აქცევს, რაც დემოკრატიის ფუნქციონირებას არსებითად აუქმებს.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება პრევენციული მმართველობის ლოგიკას, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში გამონაკლისი უნდა იყოს, ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებში მმართველობის ნორმად იქცევა. ამ მოდელში სახელმწიფო აღარ რეაგირებს რეალურ, მყისიერ და დამტკიცებულ საფრთხეებზე; ის გამოიგონებს მუდმივ პოტენციურ საფრთხეებს (მაგალითად, „უცხოური გავლენა“, „პოლიტიკური ჩარევა“, „არალეგიტიმური ინტერესი“) და სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფონზე ამართლებს უფლებების წინასწარ, მასობრივ და არადიფერენცირებულ შეზღუდვას. საგანგებო ლოგიკა აქ აღარ არის დროებითი ან ექსტრაორდინარული რეაქცია კრიზისზე; ის გარდაიქმნება მუდმივ სამართლებრივ რეჟიმად, რომელიც ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებას არეგულირებს. ამ პირობებში დემოკრატია ნადგურდება არა ფორმალურად მისი გაუქმებით, არამედ შინაარსობრივად და პრაქტიკაში რადგან ამ რეალობაში მოქალაქეები ინარჩუნებენ სამართლებრივ სტატუსს, მაგრამ კარგავენ უფლებებს, რომ თავისუფლად იფიქრონ, ორგანიზდნენ და იმოქმედონ სოციალური და დემოკრატიული ცვლილებებისთვის, რადგან საგანგებო მდგომარეობის მუდმივი ნარატივი უფლებების შეზღუდვას გარდაუვალ და „აუცილებელ“ რეალობად წარმოაჩენს.