"დავით მიქაძის ანგარიშიდან ფული გელა უძილაურთან ირიცხებოდა" - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში საბანკო ამონაწერები დევს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენება მოწმე გამომძიებელმა, ილია თევზაძემ მისცა.
გამომძებელმა თქვა, რომ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, დავით მიქაძის ანგარიშიდან გადარიცხვები გელა უძილაურთან ფიქსირდებოდა. საბანკო ამონაწერები უკვე საქმის მასალებში დევს.
ილია თევზაძე გამომძიებელი: მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ვიყავი ჭავჭავძეზე. შევისწავლე შემთხვევის ადგილი, მივიღე ყველა საგამოძიებო პროცესში მონაწილეობა. ზემდგომის დავალებით მოგვიანებით დავათვალიერე ბრალდებულების საბანკო გადარიცხვები. დავით მიქაძის ანგარიშიდან გადარიცხვები ფიქსირდებოდა გელა უძილაურთან.
ადვოკატი: ნახეთ თუ არა რაიმე ისეთი გადარიცხვა, რაც დაადასტურებდა ანგარებით მკვლელობას?
გამომძიებელი: არ მახსოვს.
ადვოკატი: რა რაოდენობის თანხა ჰქონდა გადარიცხული გელა უზილაურთან დავით მიქაძეს?
გამომძიებელი: არ მახსოვს რაოდენობა.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარდა მკვლელობის ადგილი შეისწავლა.
ექსპერტი: მე მევალება ყველა მტკიცებულების აღწერა, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს. დასურათება, ფიქსაცია, ამოღება და დალუქვა. ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი მკვლელობის დღესაც
ადვოკატი: ავტომობილი რომლითაც ლევან ჯანგველაძე გადაადგილდებოდა დაათვალიერეთ თუ არა და რაიმე საეჭვო თუ იყო იქ?
ექსპერტი: არ მახოვს.
ჯამში სახელმწიფო ბრალდებას დღეს 7 მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ 5 მათგანის გამოკითხვა მოესწრო.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.