"საქმეზე უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი" - დაცვის მხარის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

05.02.26 15:59
"საქმეზე უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი" - დაცვის მხარის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოში 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო საქმის განხილვა დასრულდა.

დღეს ორმა ადვოკატმა საკუთარი არგუმენტებით აუხსნა მოსამართლე თეა ლეონიძეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, დასკვნითი სიტყვაში მათ თეა ლეონიძეს ასევე უთხრეს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ბრალდებულების მხრიდან ადგილი საერთოდ არ ჰქონია და რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ნინო გალუსტაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უდნა გამოეტანა. 

შინაარსობრივად ჩვენ როცა ჩაგვბარდა გადაწყვეტილება, ვერ ვნახეთ სასამართლოს მხრიდან ობიექტური დასაბუთება ორგანიზებულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ განაცხადა და მოიშველია 2019 წლის 9 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ფაქტობრივად მხოლოდ ნახევარი გადმოიტანა, ხოლო მნიშვნელოვანი განმარტებები დატოვა შეფასების გარეშე, ვინაიდან მნიშვნელოვანი განმარტებების თანახმად, ბრალდებულები, უკვე მსჯავრდებულები უნდა გამართლებულიყვნენ. ამიტომ ჩვენი დასკვნითი სიტყვა შედგებოდა ნაწილისგან, რომ არ არის აღნიშნული ქმედება 225 ე მუხლი, რაც არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ასევე არ არის ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.  დადგენილი პრაქტიკით, სასამართლოს უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა. 

ლუკა ჯაბუას ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა კი ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა ახსნას თუ რატომ არიან ლუკა ჯაბუა და მასთან ერთად დაკავებული 10 პირი, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეები, თუ სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულებს კვლავ დამნაშავეებად ცნობს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოსამართლის მიერ დაკვალიფიცირებულ მუხლზე გვესაუბრა. აუცილებელი იყო, რომ ორივე ნაწილში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებში] მოსამართლეს აეხსნა თუ რატომ იყვნენ ეს პირები დამნაშავეები, სად და როგორ მოხდა მათი შეკავშირება, ან რა მითითებებს იღებდნენ და რა დავალებებს ასრულებდნენ, ან საერთოდ ვინ იყო ორგანიზატორი. ორივე მუხლისთვის ორგანიზატორი ფუნდამენტური საკითხია. მოსამართლის განაჩენის დასაბუთებაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ორგანიზატორობის ნაწილზე, ამიტომ აუცილებელია, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ ახსნას დეტალურად რატომ არის მსჯავრდებულების მოქმედება, ორგანიზებული ქმედება.

ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენი გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ლუკა ჯაბუას შემთხვევაში მოსამართლემ მიუთითა, რომ ის რაღაც საგანს ისვრის, თუმცა რა საგანია, ეს მოცემული არ არის. ასევე, მოსამართლე უთითებს, რომ მსჯავრდებულები წინააღმდეგობას უწევდნენ [პოლიციას] და ამის გამო თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა შედარებით მსუბუქი სასჯელი - ბრალდებულების მიმართ გამომჟღავნებული არაგონივრული ლმობიერება იქნებოდა, რაც დიდი უკანონობაა, რადგან ვერ დგინდება თუ რა უჭირავს მსჯავრდებულს ხელში. ამის შემდეგ კი მოსამართლე, მას შეიარაღებულ პიროვნებას უწოდებს“, - განაცხადა რუსუდან აგურაშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ  გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.