ბათუმის დრამატული თეატრი გეგა გაგნიძის სპექტაკლს აუქმებს: “გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“
ბათუმის დრამატულ თეატრი რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლს აუქმებს, მიზეზად კი სპექტაკლში სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელების გეგმას ასახელებს.
მათი მტკიცებით, “პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს“.
"მიმდინარე წლის 7-8 თებერვალს, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი იყო სპექტაკლის DARK WEB პრემიერა.
საპრემიერო ჩვენებიდან ორი დღით ადრე, თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს.
შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება.
ბათუმის დრამატული თეატრი კვლავ გააგრძელებს მაყურებლისთვის მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე სპექტაკლების შეთავაზებას და დარჩება კულტურისა და ხელოვნების სივრცედ, თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან...." , წერია ბათუმის დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.