შსს: ამოღებულია 30 შეკვრა „მარიხუანა“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირია დაკავებული

06.02.26 10:28
შსს: ამოღებულია 30 შეკვრა „მარიხუანა“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ქვეითად გადაადგილებისას  გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.  
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად,  30 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის  საცხოვრებელი  ბინიდან, ასევე, ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და  236-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.