ბატონი ალავიძე რასაც ამბობს, ჩემთვის წარმოუდგენელია, ამას უნდა გაეცეს პასუხები - ვლადიმერ ხუჭუა
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ხუჭუა მოუწოდებს ყველა მოსამართლეს, რომ თუ ისინი მართლაც შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ არიან, ამოიღონ ხმა.
ის ახსენებს საკუთარ კოლეგებს, რომ მოსამართლის უფლებები არის კანონით და კონსტიტუციით დაცული და ნებისმიერ პრობლემაზე უნდა ისაუბრონ საჯაროდ.
ვლადიმერ ხუჭუას თქმით, მისთვის გამაოგნებელია ის ფაქტები, რაზედაც უზენაესის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე საუბრობს.
გაოგნებული ვარ, რატომ არის ამგვარი დუმილი, რადგან ამას უნდა გაეცეს პასუხები,- ამბობს ის.
ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, ამას ვერავინ გააკეთებს, მე ვერავინ შემიშლის ხელს, რომ ვემსახურო ქართველ ხალხს, ეს გამორიცხულია.
ბატონი ალავიძე რასაც ამბობს, არაერთხელ ვთქვი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ის თავის გამოსვლებში უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა და პრაქტიკულად, ის ამბობს გაუგონარ რამეს, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა, ისინი არიან შეშინებულები, არიან ჩუმად, ვერ იღებენ ხმას და მას აქვს ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. იქ რაც მენიშნა არის ის, რომ არსებობს ფიზიკური ზემოქმედების საფრთხე. გაოგნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით, რატომ არის ამგვარი დუმილი, რადგან ამას უნდა გაეცეს პასუხები. შეუძლებელია, რომ ეს საკითხი დარჩეს გამოკვლევის გარეშე. თუ მოსამართლეები ამოიღებენ ხმას და იტყვიან, არა, როდესაც უნდა ითქვას არა, მაშინ სამართალს ყოველთვის მიეცემა გასაქანი, მაგრამ თუ მოსამართლეების უდიდესი ნაწილი გადაწყვეტს, რომ არ ისაუბროს პრობლემებზე, ამით ვერ მივაღწევთ ჩვენ მიზანს, - განაცხადა ხუჭუამ.