მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტს აუქმებს

06.02.26 14:15
მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტს აუქმებს

ოკუპირებული აფხაზეთში არსებული რუსული შიდა პასპორტების (პირადობის მოწმობის) გამცემის პუნქტის მუშაობა შეჩერდება, - ამის შესახებ სოხუმში "რუსეთის საელჩო" აცხადებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა, "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 25 აპრილს ძალაში შევიდა".

გარდა ამისა, 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხსნა რუსული მართვის მოწმობების გაფორმების პუნქტი.

„ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივისცემით ეკიდება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. შესაბამისად, ამ დოკუმენტების გაცემა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის გადავა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდნენ. ე.წ. პარლამენტის წევრები, მათ შორის კან კვარჩია, რომელზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა, ასევე ადვოკატი ირაკლი ბჟინავა, რომელიც, Telegram-ის არხების ცნობით, დონის როსტოვში 5 თებერვალს დააკავეს.

წყარო: რადიო თავისუფლება