ჩვენ ვლადიმერ ღუდუშაური გვეუბნებოდა, რომ მინისტრი შესყიდვაზე საქმის კურსში იყო - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჩვენება
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ამბობს, რომ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური თანამშრომლებს საიდუმლო შესყიდვაზე მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით ელაპარაკებოდა - დღეს სასამართლოს ჩვენება დავით ყორანაშვილმა მისცა.
ყორანაშვილი ერთ-ერთია, რომლის ჩვენებაც ჯარის ძარცვის საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ დევს. ის ჩვენებაში, რომელიც საგამოძიებო სამსახურს მისცა, ამბობს, რომ საიდუმლო შესყიდვაზე ყოფილი მინისტრი საქმის კურსში იყო.
დღეს კი მოწმემ თქვა, რომ უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძისგან მსგავსი ინფორმაცია არ ჰქონია.
როგორც ყორანაშვილმა სასამართლოზე განმარტა, თანამშრომლებს ვლადიმერ ღუდუშაურმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალისთვის შესასყიდი აპარატის საიდუმლო შესყიდვაზე უშუალოდ მინისტრი იყო საქმის კუსრში.
შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.