გადაუხდელი სესხების ტყვეობაში - ეკონომისტები ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ

06.02.26 17:18
გადაუხდელი სესხების ტყვეობაში - ეკონომისტები ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ

საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს - ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.

ვერ გადახდილი ვალები ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელიც მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს. ის, რომ ადამიანებს სესხებს მხოლოდ იღებენ და შემდეგ მას ვეღარ იხდიან, მათ მძიმე მდგომარეობაზე მოწმობს.

ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ კრედიტინფოს მონაცემები არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი და დასტური იმის, რამდენად მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. 

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. 

ველოდები და  ველოდი, რომ წელს ასეთი სესხების რაოდენობა გაიზრდება, ეკონომიკა ნელ-ნელა შედის რეცესიის რეჟიმში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი, თუნდაც ფორმალური, არის კლებადი, ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ადამიანებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ თავიანთი სასესხო ვალდებულებების დაფარვა. ყველაზე სრაფად იზრდება ყველაზე ძვირიანი სესხები - სამომხმარებლოს სესხები, სალომბარდო სესხები. მაღალი ინფლაცია აუცილებლობის წინაშე აყენებს მოსხლეობას, რომ საბაზისო მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, სურსათი, ჯანდაცვა, სადაც ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და როდესა ადამიანს არ ყოფნის ხელფასი, ან სხვა ტიპის შემოსავალი, ის ცდილობს, საკრედიტო რესურსით დაიფინანსოს საბაზისო მოთხოვნილებები და სწორედ ასეთ დროს უჭირს ადამიანების დიდ ჯგუფს უკვე, ის საპროცენტო ხარჯი, რაც დაკავშირებულია ამ სესხის მოზიდვასთან, იმას უპასუხოს დ აქედან ვირებთ შემდეგ ამ პრობლემას,- ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

გიორგი კეპულაძის თქმით, “ეკონომიკური თუ შემოსავლების ზრდა, რაზედაც ხელისუფლება საუბრობს, სამწუხაროდ,  არის მხოლოდ ვიწრო ჯგუფი, რომელიც მდიდრდება.“

ჯერჯერობით, მხოლოდ ზრდაა პრობლემური მსესხებლების, წარმოიდგინეთ, 3 თვეზე და მეტი ვადაგადაცილება რომ აქვს ოჯახს, ან ადამიანს, ის არის დიდი ვალის ტვირთის ქვეშ. ეს არის ერთ-ერთი მარკერი, შეიძლება ითქვას, ერთ -ერთი ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური პრობლემები. ყველას გვსმენია, რომ ლომბარდში მაქვს დატოვებული ტელეფონი, ოქროს ნივთები და ლობარდიდან იყიდება. ეს ფრაზები ამ ქვეყანაში ხშირად ისმის, რაც აჩვენებს იმას, რომ პრობლემური მსესხებლების რაოდენობა არის მზარდი. ჩავთვალოთ, რომ ბავშვები და პენსიონერები რომ გამოვაკლოთ, სადღაც ყოველი მეხუთე მოქალაქეს აქვს პრობლემა, სესხებთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა, კატასტროფული რიცხვებია. ის ეკონომიკური თუ შემოსავლების ზრდა, რაზედაც ხელისუფლება საუბრობს, სამწუხაროდ,  არის მხოლოდ ვიწრო ჯგუფი, რომელიც მდიდრდება, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქართული საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს. საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 664-ით გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 974-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ სიაში 368 310 პირი იყო.