მოსამართლეზე ზეგავლენა დღეს საჭირო აღარაა, რადგან იქ ინიშნებიან პირები, ვინც უპირობო მორჩილებაში არიან კლანთან - დავით ჯუღელი
მოსამართლეები ივანიშვილის ტყვეობაში - ბესარიონ ალავიძის შემდეგ, მძიმე ამბებს სხვა ყოფილი მოსამართლეებიც ყვებიან. დავით ჯუღელი ამ რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო.
ე.წ კაბელების ხმაურიანი საქმის მოსამართლე, რომელსაც ჯერ შუამავალი მიუგზავნეს, შემდეგ კი სათქმელი უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პირადად გადასცა, წლების შემდეგ კიდევ ერთხელ იხსენებს, რომ გადაწყვეტილების მიღება მუქარის, მოსყიდვისა და ოჯახის დატერორების პირობებში მოუწია.
გვენეტაძის სახელი ჩემთვის უცხო არ არის, მასთან მეც მქონდა ამ სახის კომუნიკაცია, მისი მოთხოვნაც იდენტური იყო, რაც სხვა პირების, ისიც ითხოვდა, რომ თვალი დამეხუჭა და მიმეღო გადაწყვეტილება, რომელიც პროკურატურას დააკმაყოფილებდა. მისი მხრიდან იყო დაპირებაც, მე მიმთავრდებოდა სამოსამართლეო საქმიანობის ვადა, ვადასაც გამიგრძელებდნენ, უზენაეს სასამართლოშიც გადამინიშნავდნენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ვერ შევთანხმდით, თხოვნაც იყო და მოთხოვნაც, დამეწერა განცხადება და წავსულიყავი სასამართლოდან, იმ სისტემიდან. სისტემას დრეს უნდა იცნობდეთ, ეს თუ ხდებოდა რამდენიმე წლის უკან, მსგავსი მეთოდებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების იძულება, დღეს ეს საჭირო აღარ არის, მსგავსი მეთოდით მოსამართლეზე ზეგავლენა. რამდენიმე წელია, სასამართლოში ინიშნებიან პირები, ვინც უპირობო მორჩილებაში არიან კლანთან, - ამბობს ჯუღელი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ახალი ჩანაწერების გამოქვეყნება დააანონსა. როგორც მან განაცხადა, ჩანაწერებში როგორც კლანის სასამართლოს, ასევე უსაფრთხოების თანამშრომლები ფიგურირებენ.