განათლების სამინისტროში გივი მიქანაძესა და ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იწყება
განათლების სამინისტროში "ქართული ოცნების" მინისტრ გივი მიქანაძესთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა იწყება.
სამინისტროში უკვე მივიდა პროფესორ-მასწავლებლების უდიდესი ნაწილი.
კამერებთან ამ დრომდე არ გამოჩენილან თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია და სტუ-ს რექტორი, დავით გურგენიძე.
ტექნიკური უნივერსიტეტი ამ გაერთიანების შედეგად, იგულისხმება, რომ გაუქმდება საერთოდ, შთანთქვა არ არის ეს, ეს არის გაუქმება, ტრაგიკული, აბსურდული," - ამბობს ერთ-ერთი პროფესორი შეხვედრის დაწყებამდე.
ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის თქმით, ისინი რეფორმას ემხრობიან, თუმცა მათი აზრით, ეს რეფორმა უფრო ეფექტიანი იქნება არსებული ინსტიტუციის შენარჩუნებით.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ინჟინერია არის რთული დარგი, მისი რეფორმა შესაძლებელია არსებული ინსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ რეფორმას ვემხრობით, განვითარება გვინდა და დახმარებაც გვინდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ეფექტიანი იქნება არსებული ინსტიტუციის შენარჩუნებით," - თქვა მან.
თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელის თქმით, მისი ფაკულტეტი ამ ეტაპზე და ამ ფორმით გაერთიანებას არ ეთანხმება.
წარმოვადგენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ვეთანხმები არა, მე მომაქვს ჩემი ფაკულტეტის გადაწყვეტილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა, რომ ამ ეტაპზე და ამ ფორმით ის არ ეთანხმება გაერთიანებას. ვისურვებდი [რომ ეს გადაწყვეტილება დაექვემდებაროს გადახედვას], თორემ მაშინ ალბათ არც წამოვიდოდი იმიტომ, რომ კონსტრუქციულ მხარდაჭერას მათგან მაინც მოველით იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის მეცნიერება, ჩვენ მხარეს არის კვლევები, ხოლო მათ მხარეს არის მხოლოდ სურვილები, თუნდაც კარგი, თუკი ისინი თვლიან, რომ უნდათ ხარისხის გაზრდა, მხოლოდ ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურვილები და არა დოკუმენტები," - განაცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელმა.
შეხვედრის პარალელურად განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.