თამაში ფასებით - იაფდება კვერცხი, რომელიც იანვარში 5.46 პროცენტით გაძვირდა
იანვარში გაძვირებული კვერცხის ფასს ისევ შეამცირებენ, ოღონდ დეკემბრის ნიშნული მაინც ვერ დაბრუნდება. დღეს კვერცხის მსხვილმა მწარმოებლებმა თქვეს, რომ კობახიძის მოწოდებით ფასებს ამცირებენ, თუმცა ამ ისტორიაში არის ერთი საინტერესო დეტალი. კვერცხი ქვეყანაში მას შემდეგ გაძვირდა, რაც ირაკლი კობახიძემ მაღალ ფასებთან ბრძოლა დააანონსა, ახლა კი რაც მოუმატეს იმას აკლებენ ან კიდევ უფრო ნაკლებს, საბოლოოდ ასეთი გამოვიდა ბრძოლა მაღალ ფასებთან.
ბიზნესი ამბობს, რომ კვერცხი იაფდება - საპირისპიროს ამტკიცებს საქსტატის მონაცემები - კვერცხის ფასი იანვარში დეკემბერთან შედარებით 5.46 პროცენტით გაიზარდა, ახლა კი 5 პროცენტით დაიკლებს. ის ვინც ფასების დინამიკას აკვირდება ამბობს, რომ ხალხს "ტრიუკი" ჩაუტარეს. სავანეთი, დილა, კოდა და კუმისი შეთანხმდა, რომ კვერცხის ფასის შემცირება შეუძლიათ - ბიზნესი აღიარებს, რომ ფასის ცვლილება "ოცნებასთან" გარიგების შედეგია.
სუს-ით მუქარის შედეგი თუ რეალური კლება - რას ცდილობს ბიზნესი? - იანვარში, როცა კვერცხი გააძვირეს, კომპანიები ამბობდნენ, რომ ეს გარდაუვალი იყო გაზრდილი ხელფასების, მუშა ხელის დეფიციტის, ელექტროენერგიის მოსალოდნელი გაძვირებისა და გაზრდილი ჯარიმების გამო. ახლა კი გაიაფებას აანონსებენ - ჩნდება კითხვა, იანვარში ფასის გაზრდა და ახლა გაიაფება, ხომ არ იყო კომპანიების მხრიდან სტრატეგიული სვლა?
კომპანიებმა კვერცხის ფასი სწორდ მაშინ გაზარდეს, როცა კობახიძე ფასების მატებაზე საუბრობდა, ახლა კი ისევ შეთანხმებულად, ფასს დეკემბრის ღირებულებამდე აკლებენ - ეკონომისტები სუს-ს ურჩევენ, ამ გარიგებით დაინტერესდნენ და კარტერული კვალი აქ ეძებონ.