27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე - დანაშაულში ბრალდებულები, გდდ-ის სპეცრაზმელები ციხეში გაუშვეს

06.02.26 20:53
27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე - დანაშაულში ბრალდებულები, გდდ-ის სპეცრაზმელები ციხეში გაუშვეს

ჩხუბი სასამრთლოს სხდომათა დარბაზში - დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული "ხარებას რაზმის" წევრები თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი დარბაზში შეიყვანეს.

საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა გდდ-ის სპეცრაზმელებს ხელბორკილები გუშინ, გვიან ღამით დაადეს. დაკავებულებს სახელმწიფო ბრალდება ჯგუფურ ძალადობას ედავება. საქმის მასალებში არსებული არაერთი უტყუარი მტკიცებულების მიუხედავად, სპეცრაზმელები გახმაურებული მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს. "ხარებას რაზმის" წინააღმდეგ საქმეში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები "შაბათის ეთერმა" რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. 9-წუთიან ვიდეომასალაში ჩანს ხარებას სამი სპეცრაზმელი. 27 წლის მიშო ქავთარაძეს სწორედ მათ თვალწინ კლავენ.

განსასჯელის სკამზე მყოფ სპეცრაზმელებს სასტიკად მოკლული ახალგაზრდის დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში შვილის მკვლელობის პირველივე წუთებიდან ადანაშაულებდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ სპეცრაზმელებს გავლენიანი მფარველები ყავდათ რის გამოც მათ არ აკავებდნენ. შვილმოკლული დედის მტკიცებით, ბოლო სასიკვდილო დარტყმა მიხეილ ქავთარაძეს გდდ-ის ახლა უკვე ბრალდებულმა თანამშრომელმა, თორნიკე გოგიძემ მიაყენა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მიშო ქავთარაძეს სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად რამდენიმე თვის წინ მსჯავრდებულ სპეცრაზმელის ძმასთან დავით გოგიძესთან მოუვიდა. შელაპარაკების შემდეგ გოგიძემ დახმარებისთვის სპეცრაზმელ ძმას დაურეკა, რომელიც ადგილზე, სავარაუდოდ ცივი იარაღით, კიდევ ორ სპეცრაზმელთან ერთად მივიდა.

"ხარებას სპეცრაზმელებს" თორნიკე გოგიძესა და ოთარ მარანელს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც გარდაცვლილი ბიჭის ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ოჯახი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში