"TV იმედის" მფლობელი ილია მიქელაიშვილი გახდა, რომელიც მანამდე მარეგულირებელი კომისიის წევრობისთვის იბრძოდა
ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელი ჰყავს, ირაკლი რუხაძემ, რომელიც აქამდე ტელევიზიის აქციების 100% -ის მფლობელი იყო, "იმედში" წილი დათმო.
განცხადების მიხედვით, რომელიც ჰანიველ პარტნიორმა გაავრცელა, იმედის აქციების 50 % წილის მფლობელი, შპს პრაიმ მედია გლობალი ხდება, რომელის 100%-იან წილს, ილია მიქელაიშვილი ფლობს. იმედის აქციების 50%-ს მოქმედი დირექტორი მაკა ლომიძე და მისი 4 მოადგილე გადაიფორმებენ.
ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება," - წერს ირაკლი რუხაძე განცხადებაში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ იმედის ახალი მფლობელის მოძებნა რთული იყო.
არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენარჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში," - აცხადებს რუხაძე.
ილია მიქელაიშვილი შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსი“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის მონაწიელობდა ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურში, რომელიც 17 ოქტომბერს გამოცხადდა, თუმცა საბოლოოდ ამ ვაკანტურ ადგილას ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა შეირჩა.
"დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები", —თქვა "პრაიმ მედია გლობალის" ხელმძღვანელმა, ილია მიქელაიშვილმა, რომელის განცხადებაც სამთავრობო ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
"ტელეიმედის" აწ-უკვე გაყიდული "მშობელი კომპანიის", GMPG-ის საკუთრებაშია კიდევ რვა კომპანია, - რომლებიც ასევე შეისყიდა მიქელაიშვილმა.
ეს კომპანიებია:
- რადიო იმედი
- GDS TV
- ტვ აისი
- საქველმოქმედო ფონდი იმედი
- Imedi Films
- ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა
- ტაჩ მედია
- უნიმედია (საუბარია კომპანიის 50%-იან წილზე).