თავდაცვის ექს მინისტრის პროცესი - ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის პენსიონერ წევრებს, საბანკო ბარათები დაუყადაღეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრის პენსიონერი ოჯახის წევრების საპენსიო ბარათები ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებით დაყადაღებულია. ყადაღას დაექვემდებარა ჯუანშერ ბურჭულაძის ხანშიშესული ბებიის საპენსიო ანგარიშიც. "ოცნების" ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის განცხადებით, ივანიშვილის რეპრესიების სამიზნე ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის დედ-მამაც აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი არ არის. "პირველებმა" გავარკვიეთ, რომ ყადაღა დაედო ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის სახელზე არსებული ნახევარ მილიონზე მეტი ევროს ღირებულების სახლსაც ესპანეთში. ამ ქონებას თავდაცვის მინისტრის ყოფილი მეუღლე ვეღარ განკარგავს. ეს ის ძვირადღირებული სახლია ესპანეთში, რომელზეც "ტვ პირველი" დიდი ხნის განმავლობაში ყვებოდა. სწორედ ესპანეთში ნაყიდი ამ სახლის შეძენა არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის და დღეს პატიმარ ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი საქმე, რის გამოც ის რუსთავის ციხეშია.
ჯარის ძარცვის საქმეზე დღეს სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი გამოკითხეს. შესყიდვების სამსახურის უფროსთან კითხვები იმ სამედიცინო აპარატურის შესახებ ჰქონდათ, რომლის გამოც ბურჭულაძეს ბევრი წლით პატიმრობა ემუქრება. პროცესზე დღეს პროკურორი დაინტერესდა ფასებთან დაკავშირებით ვინ იღებდა გადაწყვეტილებას.
ყოფილ თანამშრომელს ყოფილმა მინისტრმა კითხვები თავადაც დაუსვა. ბურჭულაძე ცდილობდა გამოერკვია იცოდა თუ არა ირაკლი მგალობლიშვილი ისეთი კომპანია, რომელიც სამინისტროსთვის აპარატურის მიწოდებას შეძლებდა ან იყო თუ არა უცნაური ის, რომ თავდაცვის სამინისტრო საიდუმლო შესყიდვებს აცხადებდა.
ამ ორი პასუხით ბრალდების მხარის მოწმემ პრაქტიკულად ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის სასარგებლოდ მისცა. კიდევ ერთი მოწმე რომელიც ჯარის ძარცვის საქმეზე გამოკითხა დავით ყორანაშვილია, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ ინფორმაცია შესყიდვასთან დაკავშირებით, რომ ინფორმირებული იყო მინისტრი იცოდა ვლადიმერ ღუდუშაურისგან.
ვლადიმერ ღუდუშაურს ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ის ერთადერთია ვინც გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის შეფასებით "ოცნების" პროკურატურას საქმე თავზე ეშლება.