სანქცირებული გემი ყულევში - ნავთობის ახალი პარტია უკვე ჩამოიტვირთა

06.02.26 20:42
სანქცირებული გემი ყულევში - ნავთობის ახალი პარტია უკვე ჩამოიტვირთა

ყულევის ტერმინალში ნავთობის ახალი პარტია უკვე ჩამოიტვირთა. 24 ათას ტონამდე ნავთობი, იმ ტანკერმა შემოიტანა, რომელიც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და რუსული ნავთობი გადააქვს.  უკრაინის მიერ გასული წლის დეკემბერში სანქცირებული ტანკერი "სილვარი" რამდენიმე დღის წინ ნოვოროსისკის პორტიდან დაიძრა და რამდენიმე დღეა საქართველოს კონტროლირებად წყლებში იმყოფება.

ჟურნალისტური გამოძიება ტანკერ "სილვარზე" "აი ფაქტმა" ჩაატარა. ირკვევა, რომ ტანკერი პანამის დროშის ქვეშ ცურავს. ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელი სამჯერ, მმართველი კომპანია 6-ჯერ, მფლობელი ორჯერ და დროშა 6-ჯერ შეიცვალა. ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლამდე ტანკერს მართავდა ან ფლობდა, შტატების, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. ტანკერი, რომელსაც ასეთი წარსული აქვს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ყულევის პორტში უპრობლემოდ შემოუშვა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყულევის ტერმინალი რამდენიმე საეჭვო რეპუტაციის ტანკერსა და სანქცირებულ გემს მოემსახურა. მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოო ამტკიცებს, რომ მედია იტყუება და თავს იმართლებენ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს ემორჩილება. არადა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ტანკერი, რომელიც 100 ათასზე მეტ ტონა ნავთობს იტევს, აქტიურად გამოიყენება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საიდუმლო გზებით გადასატვირთად. მტკიცებულებები ზედაპირზეა, თუმცა, ეს "ოცნებას" არ აინტერესებს. კახა კალაძემ, ისე, რომ ქეისი არ იცის, ისევ ტყუილში დაგვადანაშაულა.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში