კობახიძე იანვარში გაძვირებული კვერცხის ფასის შემცირებას "მნიშვნელოვანი ფაქტს" უწოდებს

07.02.26 11:45
კობახიძე იანვარში გაძვირებული კვერცხის ფასის შემცირებას "მნიშვნელოვანი ფაქტს" უწოდებს

ირაკლი კობახიძე იანვარში გაძვირებული კვერცხის ფასის 5%-ით შემცირებას, "მნიშვნელოვანი ფაქტს" უწოდებს და ამბობს, რომ კვერცხის მსხვილ მწარმოებლებს სხვა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ. 

"მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ მიბაძავენ სხვა კომპანიებიც. ჩვენ ყველამ - ხელისუფლებამ, ბიზნესმა, უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე. უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ეს სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. პარლამენტიც ჩაერთვება, შექმნილია შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის ფორმატში გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას, ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გუშინ კვერცხის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ "პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით", 5%-ით შეამცირებენ კვერცხის ფასს. მანამდე 9 იანვარს მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ახალი წლის შემდეგ დღეებში სასურსათო მაღაზიებში 50-დან 75 თეთრამდე გაძვირებული კვერცხი დახვდათ. 16 იანვარს „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა, BMG-ის განუცხადა, რომ იანვრიდან კვერცხი დაახლოებით 2-2.5 თეთრით გაძვირდა. 

კვერცხი ქვეყანაში მას შემდეგ გაძვირდა, რაც ირაკლი კობახიძემ მაღალ ფასებთან ბრძოლა დააანონსა, ახლა კი რაც მოუმატეს იმას აკლებენ.