"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ" - ევროკავშირის ელჩის სიტყვა ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაზე
ქართველ ჟურნალისტებს ევროკავშირის პრიზები გადაეცათ - გამარჯვებულები შვიდ საპრიზო კატეგორიაში გამოავლინეს. ცნობილია საუკეთესო სტატიის ავტორების ვინაობა ბეჭდურ ან ონლაინმედიაში და ასევე საუკეთესო სიუჟეტის ავტორის ვინაობა სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში. პრიზები გადაეცათ საუკეთესო ბლოგების და საავტორო სტატიებისს ავტორებსაც, რომელთაც ნაშრომები ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში ჰქონდათ გამოქვეყნებული.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში. პაველ ჰერჩინსკიმ ქართველი ჟურნალისტების მუშაობა ასეთი სიტყვებით შეაფასა: "ისინი ზრუნავენ, რომ მოქალაქეებმა იცხოვრონ რეალურ და არა დამახინჯებულ სამყაროში, სადაც ბატონობს შიში, გამოგონილი ამბები და კონსპირაციული თეორიები"
ევროკავშირის დელეგაციის მიერ საქართველოში ორგანიზებული ეს ცერემონია არის პატივისცემა ქართველი ჟურნალისტებისადმი, რომლებიც აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგომას.
გასულ წელს ქართველმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს განსაკუთრებული გამძლეობა და საზოგადოების ინტერესებისადმი ურყევი ერთგულება. იმ დროს, როდესაც ფაქტები დამახინჯებულია, შიშს ხელოვნურად ქმნიან და კონსპირაციული თეორიები ფართოდ ვრცელდება, ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საზოგადოების რეალობასთან დაკავშირებაში. ისინი მოქალაქეებს სიმართლით ამარაგებენ.
ნება მომეცით, განსაკუთრებული ფიქრი გავუზიარო თქვენს კოლეგას, რომელიც დღეს ჩვენთან ვერ იმყოფება - ქალბატონ მზია ამაღლობელს. როგორც ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატი, ის განასახიერებს მორალურ სიცხადესა და რწმენას, რომ ჟურნალისტიკა არსებობს საზოგადოების სამსახურისთვის და არა ძალაუფლებისთვის.
ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი ვერ აშენდება თავისუფალი მედიის გარეშე და იმ ჟურნალისტების გარეშე, რომლებიც დუმილს არ ეგუებიან. ევროკავშირი დღეს თქვენ გვერდით დგას და ასევე იდგება მომავალშიც.