რას ვერ იყოფენ "ოცნებაში"
გურიაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, პროცესზე დამკვირვებელ პირებსა და ადგილზე მყოფ აქტიურ მოქალაქეებს აფიქრებინებთ, რომ კობახიძე-მდინარაძის კლანის ბრძოლა რეგიონებზე გავლენის მოსაპოვებლად, გადამწყვეტ ფაზაში სწორედ ახლა შევიდა.
უფრო ზუსტად კი 27 იანვარს, როცა ჩიგოგიძის გარემოცვის წევრმა, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, პოლიციელი ცემა.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში, რომელიც "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, გარკვევით ჩანს დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელს ურტყამს და პოლიციელი, რომელიც სახიდან სისხლს იწმენდს.
სამართლდამცავზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარე, ვასილ ჩიგოგიძის კადრია. პოლიციელი კი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კუჭავას მამიდაშვილი. კუჭავასა და ჩიგოგიძეს შორის პოლიტიკური შუღლის შესახებ გურიაში, თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შემდეგ საუბრობენ.
ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის მერიც იყო და საკრებულოს თავმჯდომარეც. ის ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის მამის მეგობარია. ახლა პოლიტიკიდან დროებითი ტაიმაუტი აქვს აღებული და პროცესებს საკუთარი მარნიდან აკვირდება.
ოცნების პრემიერის მამის მეგობრისა და ვასილ ჩიგოგიძის პოლიტიკური ინტერესები 2025-ის არჩევნებზე გადაიკვეთა. ისე მოხდა, რომ ჩიგოგიძეს საკუთარი კანდიდატი მერად არ დაასახელებინეს და ადგილობრივების თქმით, კუჭავას რეკომენდირებული კადრი, მინდია ჟღერია გაიყვანეს.
ჟღერიამდე ჩოხატაურის მერი ის დავით შარაშიძე იყო, რომელიც ახლა პოლიციელზე ძალადობის გამოა დაკავებული. ჩიგოგიძეს უნდოდა, რომ 2025 წელსაც მერი ისევ შარაშიძე გამხდარიყო. ადგილობრივი ოპოზიციის თქმით, ჩიგოგიძის ამ სურვილს მაშინ ირაკლი კუჭავა და მისი გავლენები დაუპირისპირდა. კობახიძის მამის მეგობარმა გაიმარჯვა, თუმცა ჩიგოგიძემ რევანში მალევე განახორციელა და ოცნების ლიდერშიფი, კუჭავას მოღალატეობაში დაარწმუნა.
ჩიგოგიძის საკრებულოს თავმჯდომარე ახლა დაკავებულია. ანუ ეს პოსტი ოცნების მმართველ ჯგუფს დარჩა. ერთადერთი კადრი, რომელიც ახლა ვასილ ჩიგოგიძის დასაყრდენად ითვლება, ჩოხატაურის ვიცემერია.
ოპოზიციის თქმით, "ქართულ ოცნებაში" დიდი გადანაწილება მიდის. ძველებს გავლენებს ერთი მეორის მიყოლებით ათმობინებენ. მთავრობის შემდეგ ჯერი ახლა რეგიონებზე მიდგა, სადაც წლების განმავლობაში კარგად მოფიქრებული სქემები მუშაობდა. გურია მხოლოდ ერთი მაგალითია.
ადგილობრივი ოპოზიციის დაკვირვებით, ლანჩხუთი ნინო წილოსანს ჩააბარეს, ოზურგეთი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს- ერთის კანდიდატი მერი გახდა, მეორესი გუბერნატორი. დარჩა ჩოხატაური, რომელიც ჩიგოგიძესაც ხელიდან უკვე ფაქტობრივად გამოაცალეს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ვასილ ჩიგოგიძე მიუღებელი ფიგურა, "ოცნებაში" მოძლიერებული კობახიძე-მდინარაძისთვის ახლა არ გამხდარა. პირველი ბზარი 2020 წელს გაჩნდა, როდესაც ჩიგოგიძის ნაციონალური მოძრაობის სიაში ჩასმის შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ გაავრცელა.
მერე იყო 2023 წელს ჩოხატაურში მომხდარი თავდასხმა, რომელიც მამუკა მდინარაძემ, იმის მიუხედავად, რომ ჩიგოგიძე ფიგურირებდა, საპარლამენტო დარბაზიდან დაგმო. ბოლო წვეთი კი ჩიგოგიძის ლილუაშვილთან სიახლოვე აღმოჩნდა.
ჩიგოგიძე დაპირისპირებას შაბათის ეთერთან არ ადასტურებს, თუმცა მისი გარემოცვის წევრები წყენას ვერ მალავენ.
ეს ცისანა გოგოლაძეა. ჩოხატაურში ცნობილი ექიმი და დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის ბებია. ხელისუფლების მიმართ ბრაზი და ეჭვები შერჩევით სამართალზე, ქალბატონ ცისანას არც ჩვენთან დაუმალავს.