სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს - სასამართლოს სამი პირი არ ესწრება

09.02.26 13:19
სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს - სასამართლოს სამი პირი არ ესწრება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.

სხდომას 11 მსჯავრდებულიდან 3 - რევაზ კიკნაძე, გურამ მირცხულავა და რუსლან სივაკოვი არ ესწრება. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, ისინი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებენ.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პირველი ინსტანციის მიღებული გადაწყვეტილება სრულად უნდა გაუქმდეს და მეორე ინსტანციის სასამართლომ ყველა მსჯავრდებული უდანაშულოდ უნდა გამოაცხადოს.

11  პირიან პროცესზე ბრალდების მხარემ საკუთარი დასკვნითი სიტყვა უკვე წარადგინა, ის რაც საქალაქო სასამართლოში თქვა და არაფერი ახალი, უფრო მეტიც, დღეს უფრო რთულია მისი მდგომარეობა, იმიტომ რომ განაჩენშიც კი არ არის ნახესენები, რომ ძალადობრივ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარე ითხოვს იგივე მუხლი დარჩეს ძალაში, რაც ჰქონდათ ბიჭებს წარდგენილი, რაც შეეხება დაცვის მხარეს, - ჩვენ 225-ე მუხლთან მიმართებით, სრულად უკვე გავამრთლე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები და ამჯერად გადაკვალიფირებულ 226-ე მუხლს ვითხოვთ, რომ არ დარჩეს ძალაში, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ 2 პროცესში დასრულდება საქმის განხილვა და გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო.

ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ  გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.