ადვოკატები: მაგნიტსკის სიაში მოხვდეს, ვინც იურიდიული დახმარების სამსახურის კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

09.02.26 14:35
ადვოკატები: მაგნიტსკის სიაში მოხვდეს, ვინც იურიდიული დახმარების სამსახურის კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადვოკატების ნაწილი, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან, მიიჩნევენ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვის და  დამორჩილების მცდელობაა.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმული და ამას კიდევ უფრო რადიკალური ზომები მოჰყვება.

მათი თქმით, ისინი უახლოეს პერიოდში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას იმისთვის, რომ ყველა იმ პირის მაგნიტსკის სიაში შეყვანა მოითხოვონ, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

თუ ჩვენ პრევენციული ზომები არ მივიღეთ და არ ავაგროვეთ ხელმოწერები, რომ ყველა ის პირი, რომელიც მხარს დაუჭერს ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანას იუსტიციის სამინისტროში, გამოვაცხადოთ პერსონა ნონ-გრატად და  ასევე მივმართოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგნიტსკის სიაში მოხვდეს ყველა ის დეპუტატი, ვინც ფიქრობს, რომ ადვოკატთა ასოციაცია შემდგომში გადაიყვანოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს არის დიდი საფრთხე, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი აქეთკენ მიდის. რაში სჭირდება პრემიერ მინისტრს, დამოუკიდებელ ადვოკატთა ინსტიტუტი, ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე. შემდეგი ნაბიჯი იქნება ადვოკატთა ასოციაციის გადასვლა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

 

იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური  მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. 

ცვლილების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს წარუდგინოს. 

ამასთან, სწორედ კობახიძეს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.