შელაპარაკება ანდრო ჭიჭინაძესა და მანდატურს შორის - რა ხდებოდა სინდისის 11 პატიმრის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე

09.02.26 15:40
შელაპარაკება ანდრო ჭიჭინაძესა და მანდატურს შორის - რა ხდებოდა სინდისის 11 პატიმრის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე

სინდისის 11 პატიმრის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე მსჯავრებულებსა და მანდატურებს შორის მცირე შელაპარაკება იყო.

ანდრო ჭიჭინაძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც დაკავებულებისთვის განკუთვნილი სპეციალური შემინული ადგილის წინ იდგა, სთხოვა, გაწეულიყო, რადგან ოჯახის წევრების დანახვასა და მათთან კომუნიკაციაში ხელს უშლიდა.

რამდენჯერმე შენიშვნა იყო მიცემული იმაზე, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო, არ უნდა ყოფილიყო შენიშვნა მიცემული, რადგან ხმა არ ამოუღია ადამიანს. მერე ბოლოს ადგა და დამიდგა წინ. ვეუბნები, ვეძახი, მაგრამ არ შემოტრიალებულა საერთოდ. ვთხოვ, გადაიწიე მეთქი და პასუხს არ მცემს. მეც ნერვებზე ვარ, რანაირად ვუთხრა ადამიანს, არ ვიცი,- თქვა ჭიჭინაძემ.

ამის შემდეგ, მოსამართლემ განმარტა, რომ მანდატურს ვერ მიუთითებდა, სად დამდგარიყო, ვინაიდან ის ვიზუალურ კონტროლს ახორციელებდა. თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხერხდა, რომ მსჯავრდებულის თხოვნა გაითვალისწინეს.

ზოგადად დამსწრე პირებსაც, მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, რომ არ იყოს ამ სხდომების წარმართვა დაძაბულ რეჟიმში, რომ ვინმეს რაიმე გაფრთხილება არ მიეცეს. შესაბამისად, მოგმართავთ სხდომაზე დამსწრე პირებს, მონაწილეებს, შეინარჩუნეთ წესრიგი, - განმარტა მოსამართლემ.

დღევანდელ პროცესზე რამდენიმე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 მარტს, 12:00 საათზე გაგრძელდება.