"ირანული მხარე „გვაზეიმებს“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას" - რა ეწერა ირანის საელჩოს ღონისძიების მოსაწვევზე

13.02.26 14:35
"ირანული მხარე „გვაზეიმებს“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას" - რა ეწერა ირანის საელჩოს ღონისძიების მოსაწვევზე

„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ - ეს წარწერა ჰქონდა გაკეთებულია ირანის საელჩოს ღონისძიების მოსაწვევს, რომელიც აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს დაურიგეს. 

  • 11 თებერვალს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მოწყობილ ღონისძიებაზე, თბილისის ანძის განათებასთან ერთად, აღნიშნეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი.

მოსაწვევის ფოტო სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა. 

"ანუ ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას“, - აცხადებს სანიკიძე.

როგორც პროფესორი ამბობს, გადაწყვიტა, ღონისძიებას არ დასწრებოდა: „დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალე მისვლა“.

[ეს თარიღი] გამოდის 1616 წელი - შაჰა აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში.

ანუ ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.

ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მემგონი, კომენტარი ზედმეტია"- წერს სანიკიძე. 

  • მცირე ხნის წინ ირანში საყოველთაო საპროტესტო დემონსტრაციებისას ხელისუფლებამ ათასობით მოქალაქე დახოცა.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.  

თბილისში  სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.

ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ფაქტს ისრაელის საელჩოს და ირანელი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.