ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ოცნების“ მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ

12.02.26 13:58
ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ოცნების“ მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ესწრბოდნენ - ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს. 

ამის პარალელურად, ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში ლაშა დარსალიას სიტყვა გამოაქვეყნა, სადაც მან  ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა და საქართველოს მთავრობის სახელით მიულოცა  ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღე. 

დარასელიასთან ერთად ღონისძიებაზე ანზორ ჩუბინიძის ყოფნის შესახებ დაწერა გამოცემა "პუბლიკამ" რომელიც ღონისძიებაზე იმყოფებოდა. 

გამოცემა წერს, რომ ირანის საელჩოს ღონისძიების ადგილზე მათ ჟურნალისტს არ მისცეს გადაღების უფლება და პროფესიული საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში გამართული ღონისძიება გააპროტესტა ირანელმა ქალმა აქტივისტმა, მარიამ შარიფმა.  ირანში რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი სკანდირებდა  "სირცხვილი, სირცხვილი“.

საბოლოოდ, ახალგაზრდა ქალმა, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც "პარაგრაფის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს.  აქტივისტი ამბობს, რომ მას სასტუმროში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიების პარალელურად, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში "პირველებს" გუშინვე უთხრეს, რომ ეს უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს და მერიას თხოვნით ირანის საელჩომ მიმართა. 

ფაქტს დილიდან ნეგატიური განცხადებები მოჰყვა. "მაშინ, როცა ირანის მკვლელი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით - რა გზავნილია ეს?"- დაწერა ისრაელის საელჩომ.