"მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა" - ნიკო კვარაცხელიას დედა

20.02.26 18:33
"მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა" - ამის შესახებ 5 წლის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს და წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის გამოკითხვას ეხმიანება. 

იზა ომაძე აღნიშნავს, რომ მას სჯერა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის  უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, რის თქმის საფუძველსაც პროკურატურის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა აძლევს - "დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება". 

დასრულდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის დაკითხვა!!!
რა თქვა, ახლა რატომ თქვა და მაშინ რატომ არა!!!
ამაზე ჩემი პასუხია: მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა!!!
მე მჯერა, რომ მის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ!!!
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა
დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება!!!!
დაველოდოთ !!!" -  წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

მოკლული ახალგაზრდის დედა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს:

გამარჯობა ქალბატონო იზა, ვიზიარებ და ვტირი თქვენი დაკარგული შვილის გამო. მე მესმის თქვენი და არც არაფერი მწყინს. დასამალი არაფერი არ მაქვს და ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდით და სიმართლეს ვიტყვი ყველგან ამაზე, არც იდარდოთ," - წერს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი. 

  • წერილი მიმდინარე წლის 13 თებერვლით თარიღდება.

ცნობისთვის, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის ციხეში დღეს დაიკითხა. 

  • წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა,  ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა, გამოკითხვა თავად მოითხოვა.
  • შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდიან სასჯელს. 
  • პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და 15-წლიან პატიმრობას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს. 
  • დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ისჯება იმის გამო, რომ ფარცხალაძის შვილს მამის დასანქცირებიდან მეორე დღეს საეჭვო იარაღის გადაფორმებაზე უარი უთხრა.

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.  

ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ასევე განისაზღვრა ძმები კაკულიების წინასასამართლო სხდომა - პროცესი 8 აპრილს ჩანიშნა.