შესაძლო ზეწოლა სასამართლოზე და შეკვეთილი განაჩენები - ბესარიონ ალავიძის განცხადებებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

22.02.26 11:26
შესაძლო ზეწოლა სასამართლოზე და შეკვეთილი განაჩენები - ბესარიონ ალავიძის განცხადებებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

სასამართლოზე შესაძლო ზეწოლისა და შეკვეთილი განაჩენების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას ამ დრომდე არ იწყებს. საქმე ეხება ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ განცხადებებს, რომელიც ირწმუნება, რომ კონკრეტული მოსამართლები მოქალაქეებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებდნენ.

ალავიძის ადვოკატი კახა წიქარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა ყოფილი მოსამართლის საჯარო ბრალდებებზე და პროცესი არ გადაეგზავნა სხვადასხვა უწყებებს შორის.

როგორც ინტერესებიდა დამცველი აცხადებს, განცხადება თვეების განმავლობაში უწყებებს შორის გადაადგილდება, თუმცა გამოძიება არცერთ ეტაპზე არ დაწყებულა.

იურისტების ჯგუფთან ერთად მივმართე პროკურატურას 11 ნოემბერს ამ დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება, ვინაიდან ეს არის სამოხელეო დანაშაული და პროკურატურის კომპეტენციაში შედის. 

გამოძების დაწყების ნაცვლად, მათ ეს განცხადება გადააგზავნეს თბილისის პოლიციაში, თბილისის პოლიციიდან გადაიგზავნა გლდანის პოლიციაში, გლდანის პოლიციიდან გადაიგზავნა თემქის პოლიციაში, თემქის პოლიციიდან დაბრუნდა თბილისის პოლიციაში და აი, ასე მოძრაობს ეს განცხადება წინ და უკან. ანუ არცერთი სტრუქტურა გამოძიებას არ იწყებს. 

სინამდვილეში, პროკურატურას კი არ უნდა გადაეგზავნა ეს განცხადება, არამედ თავად უნდა დაეწყო გამოძიება. ეს არის კანონის მოთხოვნა. მიზეზი არის ძალიან ცხადი და მკაფიო: ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს და ამიტომ არ იწყებენ გამოძიებას. ეს შეეხება ძალიან ბევრ თანამდებობის პირს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც დაჭერილები არიან დღეს სხვადასხვა საბაბით, ანუ იქამდეც შეიძლება, მივიდეს ეს გამოძიება. და, თუკი კორუფცია არსებობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კორუფცია არსებობდა სუსში, მაშინ როგორ გამორიცხავენ კორუფციას სასამართლოში? თუკი თავი მოიკლა ციხის უფროსმა, თავი მოიკლა სუსის თანამშრომელმა, თავი მოიკლა მიგრაციის თანამშრომელმა, ბესო ალავიძე რატომ ვერ მოიკლავდა თავს და რატომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მისი ფანტაზიის ნაყოფი?, - ამბობს ადვოკატი კახა წიქარიშვილი.

ბესარიონ ალავიძის განცხადებებს ეხმაურება ეკა ბესელია. მისი თქმით, მსგავსი მძიმე ბრალდებები უკვე არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება კვლავ არ ჩანს.

ბესელია ხაზს უსვამს, რომ სასამართლოზე შესაძლო ზეწოლის შესახებ საჯარო განცხადებაც კი საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად და ამას კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს.

 

ბესარიონ ალავიძემდე ძალიან მძიმე ბალდებებს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაახმოვანა, რაც სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ეხებათ და საუბარია გავლენიან მოსამართლეებზე. ის ფაქტებიც ხომ მიიჩქმალა, ისიც ხომ არ იქნა გამოძიებული? რას აჩვენებს ეს? აჩვენებს, რომ სისტემა თვითონ ხელს აფარებს ამ დანაშაულებებს, იმიტომ, რომ თუ ამის გამოძება მოხდება, მთლიანად სისტემმა გამოაშკარავდება და ყველა ერთმანეთთან არის ჩართული. ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა საგანგაშო სიგნალი, ნებისმიერ ქვეყანაში ყველა მოსამართლე დატოვებდა თანამდებობას ვის მიმართაც კი გაჩნდებოდა ასეთი ბრალდება. კონსტიტუციით აკრძალულია ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარე ზეგავლენის მოხდენა. ამაზე რომ საუბრობდა ბატონი ალავიძე, ეს უკვე ნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ფაქტია მომხდარი და სულ მინიმალური სტანდარტია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, რომ საჯარო განცხადება, მიმართვაც რომ არ იყოს, საგამოძებო ორგანო არის ვალდებული, დაიწყოს გამოძიება, - ამბობს ეკა ბესელია.