157 კგ ჰეროინის კონტრაბანდის საქმე - წითელ ხიდზე დაკავებული ირანის მოქალაქე გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს
წითელ ხიდზე დაკავებული ირანის მოქალაქე გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. თითქმის ორთვიანი პატიმრობა უვადო მუხლით დაკავებულ კაცს ისე უსრულდება, რომ ჩვენების მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა.
მეისამ რაჰიმი, რომელსაც მარმარილოს ფილებით განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანას ედავებიან, ამტკიცებს, რომ იცის, ვინ იყო დამკვეთი და ვინ მიიღო უშუალოდ მონაწილეობა მარმარილოს ფილების მანქანაში ჩატვირთვის პროცესში, რაც, მინიმუმ, სავარაუდო დანაშაულებრივი ჯგუფის 10-მდე პირს ამხელს.
დაკავებული მეისამ რაჰიმის ადვოკატი ფიქრობს, რომ სრულყოფილი საგამოძებო მოქმედებები მიზანმიმართულად არ განხორციელდა.
გამოძიებას ჰქონდა ორთვიანი წინასაგამოძიებო დრო. აღნიშნულ დროში, მათ, ფაქტობრივად, პოლიციელების გამოკითხვის გარდა, არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ. არ გამოუკითხავთ ბრალდებული მეისამ რაჰიმი, არ დაინტერესებულან დეტალებით.
ჩვენ, დაცვის მხარემ გამოვკითხეთ ბატონი მეისამ რაჰიმი. მან დეტალებში მოყვა, როგორ განხორციელდა შეკვეთის მიღება ვოცაფის ჩათის საშუალებით, სადაც გაწევრიანებულია ასეულობით მძღოლი, ასევე როგორ განხორციელდა ჩატვირთვის პროცესი, როგორ განხორციელდა, ვინ მისცა შეკვეთა ანუ თითეული დეტალი ჩამოწერა გამოკითხვის ოქმში მეისამ რაჰიმმა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, არც საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირებით არ დაინტერესებულა გამოძიება.
საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად ჩატარების შეთხვევაში, აშკარად წარმოჩინდებოდა, რომ ეს ადამიანი არის უკანონო პატიმარი. მიზანმიმართულად არ განხორციელდა სრულყოფილად საგამოძიებო მოქმედებები, - ამბობს ინტერესების დამცველი.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვინმე კონკრეტული პირი იყოს ამ სქემაში, ვისაც ხელი უნდა დააფარონ, ადვოკატი ასე პასუხობს"
არაფერს გამოვრიცხავ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 დეკემბერს 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. 50 მილიონი ლარის ღირებულების "ჰეროინის" გადატანას "მარმარილოს ფილებით" ცდილობდნენ.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.