"თბილისის აეროპორტში არ გამიშვეს საზღვარზე" - რას წერს ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლაშა გაბიტაშვილს საფრანგეთში გამგზავრების უფლებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თვითმფრინავი, რომლითაც ის საფრანგეთში უნდა გაგზავრებულიყო, მის გარეშე გაფრინდა.
გაბიტაშვილი აღნიშნავს, რომ ჩამოართვეს ისრაელის პასპორტიც, თუმცა რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მიზეზი არ განუმარტეს.
თბილისის აეროპორტში არ გამიშვეს საზღვარზე, მიზეზს არ მეუბნებიან. პარიზში მივფრინავდი და თვითმფრინავი ჩემს გარეშე გაფრინდა. ისევ პასპორტკონტროლზე ვდგავარ და წაღებული აქვთ ისრაელის პასპორტი! მიზეზი არ ვიცი, რა პროცედურა მიმდინარეობს! საქართველოს პასპორტი დამიბრუნეს, - წერს გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში.
ინციდენტის შემდეგ გაბიტაშვილმა ფეისბუქ-ლაივში განაცხადა, რომ „რეჟიმი უნდა დასრულდეს“.
ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი აბუ-დაბიში გადაღებული ვიდეოკადრებით და ირაკლი ზარქუასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ გახდა.