ზუგდიდის მერია ავტოპარკს აახლებს - ოპოზიცია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს
ზუგდიდის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს. მერიის ინფორმაციით, გამოცხადებულია ტენდერი 6 ახალი ავტომობილის შესაძენად. სატენდერო პირობების თანახმად, მანქანები უნდა იყოს ახალი, 2025 წლის გამოშვების და მაღალი გამავლობის.
ვისთვის იგეგმება ავტომობილების შეძენა და რა აუცილებლობამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება - აღნიშნულ საკითხებზე განმარტების მისაღებად ზუგდიდის მერს, დავით კოდუას დავუკავშირდით, თუმცა მან კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის ავტოპარკში უკვე ირიცხება 18 ახალი ავტომობილი, რომელთა შენახვაზე, მათი შეფასებით, ყოველთვიურად მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ახალი ტენდერი შესაძლოა არა ინფრასტრუქტურული ან ადმინისტრაციული საჭიროებით, არამედ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელთა კომფორტით იყოს ნაკარნახევი.
ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს 2026 წლის ბიუჯეტზეც და აცხადებს, რომ სოციალური პაკეტების შემცირებისა და გარკვეული პროგრამების, მათ შორის შშმ პირთა სახლში მომსახურებისა და შინმოვლის კომპონენტების გაუქმების ფონზე, ავტოპარკის განახლებისთვის გამოყოფილი თანხა კითხვებს აჩენს.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.