აქცია ილიაუნთან - რა გზავნილებით გამოვიდა ხალხი ქუჩაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან აქცია იმართება. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არ არის რეფორმა და "გაუაზრებელი კონცეფციაა", რომელიც მომავალ თაობას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
ეს არ არის რეფორმა, რეფორმას აქვს თავისი ეტაპები. ეს არის გაუაზრებელი კონცეფცია, რომელიც მოიტანს სამომავლო თაობისთვის ძალიან ბევრ პრობლემას. აქ არ არის მხოლოდ საუბარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე. საუნივერსიტეტო საზოგადოება აპროტესტებს იმას, რასაც დაახლოებით 10 დღეა უკვე ძალიან სისტემურად ვუჩივით. ამ რეფორმას არ აქვს ძირი, არ აქვს მიზანი, არ აქვს სტრატეგია, ამიტომ ჩვენ არ ვეძახით ამას რეფორმას, - ამბობს ილიას უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ოდეშაშვილი.
სტუდენტები კი ამბობენ, რომ მათი წინააღდეგობა იქნება ძალიან ძლიერი და არც დიდ აქციებს გამორიცხავენ.
ჩვენი წინააღმდეგობა იქნება ძალიან ძლიერი და ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს დღეიდან, გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მანამდე, სანამ დაიწყება შემდეგი სემესტრი და ვფიქრობ, რომ დიდ აქციებსაც ვიხილავთ და სერიოზულ წინააღმდეგობასაც, - ამბობს სტუდენტი.
აქციის მონაწილეები გეგმავენ მსვლელობით "ე" კორპუსთან გადაინაცვლონ, სადაც სტუდენტების მანიფესტს მოისმენენ.
რა ხდება ადგილზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.