ახალი ვერსია სასახლის ღობის საქმეში - მოწმის მტკიცებით, მავთული, რომელიც სასახლის ღობეზე იყო, საახალწლო განათების დამჭერია

23.02.26 15:48
ახალი ვერსია სასახლის ღობის საქმეში - მოწმის მტკიცებით, მავთული, რომელიც სასახლის ღობეზე იყო, საახალწლო განათების დამჭერია

სასახლის ღობის საქმეზე ახალი ვერსია გაჩნდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ თქვა, რომ ღობე წინასწარ დაზიანებული არ ყოფილა და მავთული, რომელიც "შაბათის ეთერის" მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, საახალწლო განათების მოხსნის შემდეგ იყო დარჩენილი.

სასახლის ღობის დაცვის თანამშრომლის, გიორგი წეველიძის ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ ადვოკატები. ინტერესების დამცველი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ სხდომაზე პროკურორმა მოწმეს ფაქტობრივად უკარნახა, რა უნდა ეთქვა, თუმცა ამის მიუხედავად, წეველიძემ აბსოლუტურად სხვა ვერსია გააჟღერა. 

ვაჩვენეთ, როგორ წყდება ეს მავთული და მერე, ამ შემთხვევაში, ტყდება ეს ღობე, მან განმარტა, რომ თურმე, ეს მავთული ყოფილა ახალ წელს დამონტაჟებული განათებიდან გამომდინარე. სანამ მოწმე ამ კითხვაზე პასუხს გასცემდა, პროკურორმა თქვა, რომ ეს არის ღობის სპეციალური შემადგენელი ნაწილიო. ანუ, ფაქტობრივად, მოწმეს გარკვეული მინიშნებაც კი მისცა, პასუხი უკარნახა, რომ მოწმეს ეთქვა, რომ ეს იყო თითქოს ღობის შემადგენელი ნაწილი. თუმცა, მოწმე სხვა განმარტება გააკეთა, რომ ეს ღობის შემადგენელი ნაწილი კი არა, არამედ ახალ წელს გაკეთებული განათების დროს დარჩენილი მავთული არისო, - ამბობს ადვოკატი ჯემალ ჭკადუა

პროკურორი კი ამტკიცებს, რომ მოწმემ მკაფიოდ განმარტა, რას ემსახურებოდა მავთული, რომელიც სასახლის ღობეზე იყო შემორჩენილი. 

მოწმემ მკაფიოდ განმარტა, რომ სასახლის ღობე არ იყო დაზიანებული. მოწმემ მკაფიოდ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა სასახლის ღობეს და კონკრეტული მავთულით არ იყო სექციური ღობე გადაბმული. ამასთან, დაცვის მხარემ მიუთითა რაღაც კონკრეტულ ნივთზე და მოითხოვა მოწმისგან, ახსნა-განმარტება მიეღო ეს რას წარმოადგენდა, რაზეც მოწმემ გააკეთა განმარტება, რომ ეს იყო კონკრეტული განათების დამჭერი და ამ დამჭერით არ იყო სასახლის ღობე გადაბმული და დაკავშირებული.

კიდევ ერთხელ აქვე გეტყვით, რომ ამ სასახლის ღობესთან დაკავშირებით ჩატარებულია შესაბამისი ტრასოლოგიური ექსპერტიზა და აუცილებლად ბრალდების მხარეს დაკითხავს ტრასოლოგსაც, რომელიც კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, - ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.