რატომ არ უნდა დაიხუროს მთელი რიგი მიმართულებები და სპეციალობები ილიაუნში? - პროფესორების განცხადება
რატომ არ უნდა დაიხუროს მთელი რიგი მიმართულებები და სპეციალობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში? - პროფესორ-მასწავლებლები კიდევ ერთ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა არსებითად ეწინააღმდეგება, თავად რეფორმის მიერ გამოცხადებულ მიზანს.
ილიას უნივერსიტეტზე ატეხილი ქარტეხილის მიუხედავად, ამ წუთისათვის, სხვა უნივერსიტეტების 31 სტუდენტს აქვს განაცხადი შემოტანილი ანგლისტიკის პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად.
არაბუნებრივად გამოიყურება, რეფორმის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს მისაღები კონტიგენტის 20 სტუდენტამდე შემცირება. თვით რეფორმით განსაზღვრული კვოტა არსებითად ეწინააღმდეგება, თავად რეფორმის მიერ გამოცხადებულ მიზანს, უნივერსიტეტებმა განავითარონ მათი ტრადიციული დარგები," - აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები.
მათი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამების გაუქმებით ქვეყანა უკან დგამს ნაბიჯს და ბრუნდება საბჭოთა კავშირში.
საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა და არ არსებობდა მითუმეტეს არც ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამები საბაკალავრო საფეხურისთვის. რატომ? - ძალიან მარტივი მიზეზია ამის ის, რომ არ იყო მიზანშეწონილი შედარებულიყო ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურა და კულტურა. ახლა თუკი ეს პროგრამები გაუქმდება, ფაქტობრივად, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს უკან, ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში.
როგორც ჩანს, ამ ქვეყნისთვის კულტურა აღარ არის პრიორიტეტი, არც ლიტერატურული პროცესების მართვა არის პრიორიტეტი იმიტომ, რომ სხვა დასკვნის საშუალებას ამ პროგრამის გაუქმება უბრალოდ არ იძლევა," - ამბობს ერთ-ერთი პროფესორი.