4 ოქტომბერს სასახლის ღობე მავთულით იყო შებმული - რა აღიარა მოწმემ და რით იმართლებს თავს ბრალდება
პროკურატურის მოწმემ სასახლის ღობის საქმე თავდაყირა დააყენა, 4 თვის შემდეგ ათონელის რეზიდენციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ ღობე მავთულით იყო დამაგრებული. "შაბათის ეთერის" გადაღებულ კადრებზე, "ქართული ოცნება" 4 თვე ლაპარაკობდა, დღეს კი დაცვის სამსახურის უფროსმა დაადასტურა ის რისი აღიარებაც ამდენი ხანი არ უნდოდათ.
მავთულით შებმულ ღობეს ასეთი ახსნა მოუძებნეს - მავთული საახალწლო განათებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ახალი წელი ოქტომბერში არ არის. ამ დროს სასახლის ღობეზე არა თუ განათებაა დამაგრებული, ჯერ სამზადისიც არ არის დაწყებული. რა შუაშია ოქტომბრის დასაწყისში საახალწლო განათება და მავთულები?
რისი მოსმენაც პროკურატურას არ უნდა, მნიშვნელოვანი გარემოებაა ადვოკატებისთვის. მათთვის დღეს გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩვენება, რომელიც ადასტურებს ხალხს "ქართულმა ოცნებამ" მახე დაუგო.
დღეს მთავარი მოწმის გამოკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობა, მოწმისთვის დასმული ამ კითხვების გამო მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოშიმშილე ბრალდებული, ზურა ჭავჭანიძე დარბაზიდან გააძევა.
ვისი საიდუმლო ბრძანებით და როგორ გაჭრეს ღობე, დღეს ამ საქმეზე დაკითხეს ექსპერტიც, თუმცა ირკვევა რომ ექსპერტს უშუალოდ ღობის კონსტრუქციის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, დასკვნა ფოტოების მიხედით დაწერა.
ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებაზე, პირობები ცნობილია, თუმცა პროკურატურამ აღიარებითი ჩვენება ვერ მოიპოვა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო რამდენიმე ბრალდებულმა ბრალდების მხარეს ნამდვილად მიმართა, თუმცა არ ჩადენილ დანაშაულს ვერავინ აღიარებს.