ქეშბექი და ქსელების ფასნამატი - ფასების კომისიაზე დისტრიბუტორებმა პროდუქტების გაძვირების მიზეზებზე ისაუბრეს
რა განაპირობებს პროდუქტების გაძვირებას - პარლამენტში ფასების კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც დისტრუბიციის წარმომადგენლები ესწრებიან.
სფეროს წარმომადგენლები მთავარ პრობლემად ე.წ. ქეშბექს ასახელებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პირობები პროდუქციის საბოლოო ფასზე პირდაპირ აისახება. მათი განმარტებით, ქეშბექის მაღალი პროცენტული მოთხოვნა კომპანიებს აიძულებს, დანახარჯები წინასწარ გაითვალისწინონ და ეს ტვირთი ფასში ჩადონ.
კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი ამბობს, რომ საცალო ქსელებთან დადებული ხელშეკრულებები დისტრიბუტორებს ვალდებულნი არიან რიტეილს "ქეშბექები", მაღაზიაში შესვლის და ახალი მაღაზიის გახსნის გადასახადები გადაიხადონ და ქსელში არსებული მათი პროდუქციის ვადიანობა და ნაშთები აკონტროლონ.
ლევან პაპიაშვილის თანახმად, ქეშბექის მოხსნა ან შემცირება პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
პირველი ამომავალი საკითხი არის ქეშბექი. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს რომ გაყიდულ პროდუქციაზე რითეილს ქეშბექი დავუბრუნოთ, რაც ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შედარებით დაბალია და შოკოლადზე და ასეთ ნაწარმზე 50%-ზეც ადის. დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია თავის მცირე მარჟას დაამატოს ქეშბექის დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. გარდა ამისა მაღაზიაში შესვლისა და ახალი მაღაზიის გახსნის საფასური. ასევე გასათვალისწინებულია ისიც, რომ მიწოდებული პროდუქციის ვადის გასვლაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება და უნდა გამოვითხოვოთ. ასევე მცირევადიან პროდუქტს მაღაზიას ვერ მივაწვდით. ქსელების უმეტესობას პირობებში აქვს ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადის 50%-ზე ნაკლები ჩვენ ამ პროდუქციას ვერ შევიტანთ“, - განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.
მისი თქმით, მიწოდების ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწოდებული პროდუქტის ღირებულებიდან 50% რიტეილ ქსელს უნდა დაუბრუნდეს. კომპანია იძულებულია ეს 50% დაამატოს ამ ღირებულებას.
10 ლარის ღირებულების პროდუქტიდან 5 ლარს იღებს რიტეილ ქსელი, ხოლო 5 ლარი ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება გამოდის. ჩვენთვის ამ ქეშბექის მოხსნა მოგების მარჟის ნაწილში მოცემულობას არ ცვლის. ანუ თუ ქსელი იტყვის რომ 100 000 ლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ მე შესაბამისი ქეშბექი უნდა დავუბრუნო. ეს არის მარკეტინგის ხარჯი.
რაც შეეხება ჩვენს საოპარაციო ხარჯებს, ამაში შედის ლოგისტიკის, დასაწყობების, ხელფასები, ბონუსები და საშუალოდ ფასწარმოქმნაში 25% უკავია"- დასძინა მან.
დისტრიბუციის სფეროს წარმომადგენლის განცხადებით, ფასის ფორმირებაზე გავლენას ახდენს როგორც სავაჭრო ქსელების პოლიტიკა, ისე იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება.
ეს ფასნამატი არის ქსელების ფასნამატი, რომელიც განსხვავდება 0-დან ალბათ 15%-მდე, ინდივიდუალურად ქსელები იღებენ გადაწყვეტილებას ფასნამატის შესახებ. ქეშბექები განსხვავდება ქსელების მიხედვით. გარდა ზეთისა, მათ შორის ბავშვთა კვებაზეც გაძირდა საიმპორტო ფასები, მათ შორის ყავა გაძირდა და ალბათ სხვა პროდუქტები და ეს პროცესია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, - თქვა სხდომაზე დისტრბუციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.
სხდომის დაწყებამდე "პირველები " დაინტერესდა, ხომ არ დაიბარეს ისინი სუსში გამოკითხვაზე. ნაწილი მათგანი ამბობს, რომ ასეთ რამ არ მომხდარა, მეორე ნაწილი კი ორაზროვან პასუხს იძლევა.